"გარბენი უკრაინისთვის"- კახეთში , ამ სახელწოდების მარათონისთვის მზადება ამ წუთებში აქტიურად მიმდინარეობს. ლოპოტას გადასახვევთან მონაწილეების რეგისტრაცია, რომლის ღირებულება 30 ლარია თითქმის დასრულებულია. შეგროვილი თანხა სრულად ომით დაზარალებულ უკრაინელებს მოხმარდება.
გარბენში მონაწილეებს ადგილზე გადაეცათ მაისურები, რაზეც საქართველო-უკრაინის დროშებია მოხატული. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ითამაშონ მაგიდის ჩოგბურთი, ფრისბი, ხელბურთი, ფრენბურთი ბეისბოლი, ამერიკული ფეხბურთი და დაკავდნენ მშვილდოსნობით.
ასევე ადგილზე მოწყობილია მოსასვენებელი და საკვები სივრცეები.
გარბენის დისტანცია არის 8 კმ, ფინიში მოეწყობა გრემთან. გამარჯვებულები გამოვლინდებიან ქალებსა და მამაკაცებს შორის. მათ ფასიანი პრიზები გადაეცემათ.
გარბენის დასრულებისა და გამარჯვებულების დაჯილდოების შემდეგ გაიმართება ჯგუფ მგზავრების საქველმოქმედო კონცერტი.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ომის გამო საქართველოში დროებით ჩამოსული უკრაინელები. ადგილზე უკრაინელი ბავშვების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაც მოეწყობა.
ღონისძიების ორგანიზატორია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.