ომის 101-ე დღე - რუსული სრულმასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის 2424 საათი. მაშინ, როდესაც ვლადიმერ პუტინმა ე.წ. სამხედრო ოპერაცია გამოაცხადა, 24 თებერვლის გამთენიისას, ნაკლებად თუ იფიქრებდა კრემლის ლიდერი, რომ მისი არაპროვოცირებული აგრესია უკრაინის მიმართ ამდენხანს გაგრძელდებოდა.
უკრაინის გენშტაბი 101-ე დღეა, რუსული სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. რუსეთმა საკუთარი სტატისტიკის გამოქვეყნებაზე უკვე დიდი ხანია ხელი აიღო. უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოველდღიური ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ზარალი 101-ე დღეს ასე გამოიყურება: 1376 ერთეული ტანკი, აქედან უმეტესობა საბჭოური წარმოების "ტ-72"-ია.
3 379 ერთეული სხვადასხვა ტიპის ჯავშანტექნიკა. 210 თვითმფრინავი, მათ შორის სუ-25 და მიგ-29-ები. 175 ვერტმფრენი და 680 საარტილერიო სისტემა. უკრაინის გენშტაბზე დაყრდნობით, სწორედ ეს დაუჯდა 101 დღიანი ომის განმავლობაში რუსულ არმიას. კრემლის გენშტაბის ყოველდღიურ ანგარიშს თუ დავუჯერებთ, აგრესორებმა უკრაინაში 187 თვითმფრინავი, 129 ვერტმფრენი და 3 406 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა გაანადგურეს.
ყველაზე მაღალი ციფრი ადამიანურ დანაკარგებზე მოდის. უკრაინის თავდაცვა ირწმუნება, რომ 24 თებერვლიდან დღემდე, მათ 31 050 ოკუპანტი მოკლეს. ეს იმაზე უფრო მეტია, ვიდრე ჩეჩნეთის ორივე ომსა და საბჭოთა კავშირის ავღანეთში შეჭრის დროს დაღუპულთა რაოდენობა. კიდევ უფრო დიდია დაჭრილთა რიცხვი. ცხადია, რთულია ზუსტად განსაზღვრა, თუ ვინ რამდენი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა ომის მიმდინარეობისას, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაღუპულ უკრაინელებზეც ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, მას შემდეგ, რაც ომმა აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში გადაინაცვლა, ყოველდღიურად 60დან 100მდე უკრაინელი მეომარი იღუპება. მძიმე დაზიანებას იღებს 500მდე მოსამსახურე.
ავტორი: სანდრო სანაია.