27 ნოემბერი 2024,   12:50
ვრცლად
პოლონეთში ქმრის მიერ მოკლული ქართველი ქალის ოჯახი საზღვარგარეთ დარჩენილი ბავშვების დაბრუნებაში დახმარებას ითხოვს

პოლონეთში ქმრის მიერ მოკლული ქართველი ქალის ოჯახი საზღვარგარეთ დარჩენილი ბავშვების დაბრუნებაში დახმარებას ითხოვს.

27 წლის როზეტა ყალიჩავას ცხედრის ექსპერტიზა უკვე დასრულებულია და მას პოლონეთიდან საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ. ოჯახის წევრების ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული ქმარი უკვე დაკავებულია. პოლონეთში იმყოფებიან მათი მცირეწლოვანი შვილები. ბავშვები სოციალურმა სამსახურმა სპეციალურ დაწესებულებაში გადაიყვანა. როზეტა ყალიჩავას ოჯახი კი ითხოვს, რომ ბავშვებმა შეძლონ საქართველოში, დედის ოჯახთან დაბრუნება. დახმარებას ისინი მთავრობას და ორგანიზაცია "საფარს" სთხოვენ, რომელიც როზეტა ყალიჩავას, როგორც ძალადობის მსხვერპლის საქმეში, მის გარდაცვალებამდეც იყო ჩართული.

"ყველაფერი მითხრა, იმიტომ დავუჯავშნე ბილეთი, იმიტომ მინდოდა ჩემი შვილის ჩამოყვანა... ცოცხალი ვერ ჩამოვიყვანე, ვერ მოვასწარი, მომიკლა იმ საღამოს.

ვიცი, რომ ბავშვთა სახლში არიან ჩაბარებული. მე იქ ვერაფრის დიდებით ვერ დავტოვებ, ჩემი შვილიშვილები ჩამაბარონ აქ. არავის თანხმობა არ მჭირდება. მინდა დახმარება, რომ ჩემი შვილიშვილები ჩამომიყვანონ," - აცხადებს როზეტა ყალიჩავას დედა.

როგორც ოჯახის ახლობელი მანანა სიჭინავა ამბობს, ბავშვების ჩამოყვანა პრობლემური გახდა იმის გამო, რომ ქვეყნის დასატოვებლად ითხოვენ ბავშვების მამის თანხმობას:

"ბავშვების ჩამოყვანა ცოტა პრობლემური გახდა, იმიტომ რომ ითხოვენ მამის თანხმობას, მკვლელის თანხმობა ფორმალური მხარეა ალბათ... გთხოვთ უმორჩილესად ყველას - საელჩოს, მთავრობას, "საფარს", რომ დაგვეხმარონ, როგორმე ბავშვები ჩამოგვაყვანინონ

ახლა არიან სოციალურ ბაღში სამივე, დღეში ერთხელ ბიძას აქვს მონახულების უფლება,"- აცხადებს მანანა სიჭინავა.

ბავშვებთან დაკავშირებული პროცედურების გამო პოლონეთში რჩება ბავშვების ბიძა, როზეტა ყალიჩავას ძმა გოგა ყალიჩავა.

27 წლის როზეტა ყალიჩავა საკუთარმა ქმარმა პოლონეთში ქალაქ ლოძში 25 მაისს ცივი იარაღით მოკლა.

დღის ამბები