გიული ალასანიამ შვილი დღესაც მოინახულა, პალატიდან გამოსულმა კი მედიას კიდევ ერთხელ უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. შვილთან შეხვედრას ამ დრომდე ელოდება მიხეილ სააკაშვილის მამა. ნიკოლოზ სააკაშვილმა ამ მოთხოვნით პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელს უკვე მიმართა და რატი ბრეგაძეს ღია წერილიც გაუგზავნა.
მალე, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი "ვივა მედიდან" სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზისთვის გადაიყვანონ. ეს ინფორმაცია სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა. უწყებაში აცხადებენ, რომ იმის დასადგენად, დაირღვა თუ არა გლდანის დაწესებულებსა და გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის უფლებები, დამატებითი ფსიქოლოგიური შემოწმება ჩატარდება. ექსპერტიზა ადვოკატის განცხადების საფუძველზე დაინიშნა. მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი სახელმწიფო ექსპერტიზას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ გუნდში მისთვის სანდო ექიმებიც შევლენ.
მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ისაუბრა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ერთ-ერთ მედიასთან ინტერვიუში და კიდევ ერთხელ თქვა, რომ ყოფილ პრეზიდენტს არ შეიწყალებს, რადგან ეს ქვეყანაში პოლარიზაციას გაზრდის.
მეხუთე პრეზიდენტის ამ განცხადებას საკანონმდებლო ორგანოში მალევე მოყვა შეფასებები. მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელებს მიაჩნიათ, რომ სალომე ზურაბიშვილს მაინც მოუწევს მსჯავრდებული წინამორბედის შეწყალება. პარლამენტის თავმჯდომარემ კი კიდევ ერთხელ გააკეთა აქცენტი მკურნალობის პროცესზე და განაცხადა, რომ სახელმწიფომ სააკაშვილის ყველა საჭირო სერვისი მიაწოდა.
ცენტრ "ემპათიის" დამოუკიდებელი ექსპერტები მიხეილ სააკაშვილთან მომავალ კვირას შევლენ. ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩატარდება დამატებითი ექსპერტიზა, რომელშიც უკვე სახელმწიფო ექსპერტები ჩაერთვებიან.