"ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო გარანტიები, რომ უკრაინა მისთვის გადაცემულ შეიარაღებას, რუსეთში მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ არ გამოიყენებს", – ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთდა.
უწყების სპიკერის, ნედ პრაისის თქმით, ამერიკა აკეთებს ყველაფერს, რათა განამტკიცოს უკრაინის პოზიციები როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მოლაპარაკებების მაგიდასთან.
ნედ პრაისის განცხადებით, შეერთებული შტატების საბოლოო მიზანი ომის დასრულებაა, თუმცა თუ უკრაინა დღეს ბრძოლას შეწყვეტს, ის, როგორც სუვერენული სახელმწიფო, აღარ იარსებებს.
"უკრაინას აქვს სრული უფლება, უპასუხოს რუსეთის აგრესიას. ფაქტი ისაა, რომ რუსეთის სამხედროები ახლა იმყოფებიან უკრაინის შიგნით, მათ სუვერენულ ტერიტორიაზე და ამიტომ, უკრაინას აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი. მართალია ისიც, რომ მივიღეთ გარანტიები, რომ გუშინ გადაცემულ სისტემებს არ გამოიყენებენ რუსეთის შიგნით მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ.
ჩვენი საბოლოო მიზანი არის ომის დასრულება, რომ ძალადობა შეწყდეს და დასრულდეს კონფლიქტი, რომლის წამოწყების საჭიროება არ არსებობდა. ჩვენ გვინდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა გავაძლიეროთ უკრაინელების პოზიციები როგორც ბრძოლის ველზე, ისე მოლაპარაკებების მაგიდასთან.
თუ უკრაინა შეაჩერებს ბრძოლას დღეს, მაშინ ხვალ, სუვერენული უკრაინა არ იარსებებს. თუ რუსეთი შეაჩერებს ბრძოლას, მაშინ ომი არ იქნება",- განაცხადა ნედ პრაისმა.