27 ნოემბერი 2024,   12:45
ვრცლად
თანატოლის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ მოზარდს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თანატოლის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ მოზარდს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.  

არასრულწლოვნის მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის გამოყენებას უფლებადამცველი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ინტერესების დამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა.

"მოწმეები ჩვენება, რომელიც იქნება დამაჯერებელი და რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა ბრალის წაყენება ამ ბავშვისათვის, ასეთი მოწმის ჩვენებები არ არსებობს. წინააღმდეგობრივი გარემოებები და ის გარემოებები, რომლებიც სწორი მიმართულებით წაიყვანდა გამოძიებას, არ არის შემოწმებული სრულად და არ არის ჩატარებული საჭირო საგამოძიებო მოქმედებები," - ამბობს ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორი ამბობს, რომ საქმეში დევს მოწმეების ჩვენები, ასევე სხვა დამატებითი მყარი მტკიცებულებები. პროკურორი არ გამორიცხავს, რომ საგამოძიებო მოქმედებების დროს სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხიც გამოიკვეთოს.

"ბრალდების მხარის პოზიციიდან გამომდინარე, სასამართლომ ჩათვალა რომ არსებობდა შემდგომში როგორც მისი მიმალვის ასევე მტკიცებულებათა განადგურების და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები," - ამბობს პროკურორი, ბაქარ შიოშვილი.

სხდომა დახურული იყო, ვინაიდან ბრალდებული არასრულწლოვანია. ჩხუბი სკოლის მოსწავლეებს შორის ისანში პარასკევს მოხდა, მძიმედ დაიჭრა მეცხრე კლასელი ბიჭი.

დღის ამბები