27 ნოემბერი 2024,   12:49
ვრცლად
საფრთხის შესახებ სიგნალები 24 თებერვლამდე მივიღეთ, მაგრამ ვერ გავიგეთ, მაგალითად, 2008 წელი საქართველოში და 2014 წელი უკრაინაში - სლოვაკეთის პრეზიდენტი

ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმი გაიხსნა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ესწრება.

ფორუმი, რომელსაც სლოვაკეთის დედაქალაქი 2-4 ივნისს მასპინძლობს, GLOBSEC-ის პრეზიდენტმა რობერტ ვასმა გახსნა.

გახსნის ღონისძიების მონაწილე მაღალი რანგის სტუმრებს სიტყვით მიმართეს სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ზუზანა ჩაპუტოვამ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მათ იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომელიც გლობალური უსაფრთხოების წინაშე დგას.

სლოვაკეთის პრეზიდენტმა თავის სიტყვაში ახსენა 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებული სამხედრო აგრესია:

"უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ჩემს თავს ვეკითხები, როგორ უნდა ხდებოდეს ეს 21-ე საუკუნეში. როგორ ჩამოიშალა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა? საფრთხის შესახებ სიგნალები 24 თებერვლამდე მივიღეთ , მაგრამ ჩვენ ეს ვერ გავიგეთ, მაგალითად, 2008 წელი საქართველოში და 2014 წელი უკრაინაში. ჩვენ ეს ყველაფერი ერთმანეთთან დაუკავშირებელ ეპიზოდად დავინახეთ და არა დიდ გამოწვევად. ეს იყო შეცდომა. ისტორია გვასწავლის, რომ თუ აგრესორი შენს ღირებულებებს ეწინააღმდეგება, ტერიტორიის დათმობა მას არ შეაჩერებს. სლოვაკებს და ჩეხებს, ამ მხრივ, ჩვენი გამოცდილება გვაქვს,"-განაცხადა ზუზანა ჩაპუტოვამ.

ევროკომისიის პრეზიდენტმა უკრაინის მხარდაჭერაში ევროპის ერთიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ კრემლის აგრესიის შესაჩერებლად და გამოსაფიტად აუცილებელია დასრულდეს ევროპის რუსეთზე დამოკიდებულება:

"დიდი მადლობა, პირველ რიგში, ქალბატონ ჩაპუტოვას, ვხედავ პრემიერ-მინისტრ კარინიშს, რა სასიამოვნოა თქვენი დანახვა და აქ, მე ვხედავ საქართველოს პრემიერ-მინისტრსაც, რომელიც, ასევე, გვესწრება .

მინდა, მადლობა გადავუხადო სლოვაკეთს გამორჩეული დიდსულოვნებისთვის , სლოვაკეთმა 700 ათასი დევნილი მიიღო. თქვენ მათ გაუღეთ გულები, გონება. ისტორია არასდროს დაივიწყებს თქვენს ამ საქციელს. 

ვფიქრობ, უკრაინული სიმტკიცე მთელი მსოფლიოსთვის ინსპირაციის მიმცემია. მინდა, ყველა უკრაინელმა იცოდეს, რომ ევროკავშირი მათ მხარეს დგას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია. პირველ რიგში, მათ უნდა დავეხმაროთ ამ ომის დაძლევაში. მეორე - მათ სჭირდებათ ფინანსური დახმარება და მესამე - ჩვენ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მათ გვერდით უნდა ვიყოთ. 

უკრაინელებმა ომი უნდა მოიგონ და პუტინი უნდა მიხვდეს, რომ მისთვის ეს სასტიკი სტრატეგიული მარცხია. ნათელი უნდა იყოს, რომ სუვერენული ქვეყნის დაპყრობა აგრესორს ძვირი დაუჯდება. ჩვენ ყველანი ვდგავართ უკრაინის გვერდით. ჩვენ ჩავხსენით რუსული ბანკები "სვიფტიდან", ჩვენ ვიცილებთ თავიდან რუსეთზე დამოკიდებულებას, ეს მტკივნეული დარტყმაა რუსული ეკონომიკისთვის, რომელიც არც ისეთი თანამედროვე და მრავალფეროვანია. თუ გვინდა კრემლს დავარტყათ და გამოვფიტოთ, მაშინ მასზე დამოკიდებულება უნდა დავასრულოთ," - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

დღის ამბები