საგამოძიებო სამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა თურქი ბიზნესმენის, გალიფ ოზთურქის დაკავება. ბიზნესმენი განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტზე დააკავეს.
ბათუმში ბიზნესმენის კუთვნილ სასტუმროში ჩხრეკა რამდენიმე საათი გრძელდებოდა. საგამოძიებო სამსახურმა ფინანსურ დოკუმენტაციასთან ერთად ჩხრეკის შედეგად ამოიღო ფსიქოტროპული და ნარკოტიკული საშუალებები. ოზთურქის საკუთრებაშია "მეტრო ჰოლდინგი", რომელიც ბათუმში უმსხვილეს ტურისტულ ობიექტებს ფლობს. მათ შორისაა 455 ნომრიანი სასტუმრო "ეიფორია", "ინტურისტი", "მეტრო სქაი თაუერი" და "ბიზნეს ლეჯენდი". ასევე ბათუმის უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი "მეტრო სითი".