უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ როგორც კი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მეექვსე პაკეტი ამოქმედდება, მუშაობა მეშვიდე პაკეტზე დაიწყება. მისი თქმით, სამხედრო აღჭურვილობის რაოდენობით, რუსეთის უპირატესობის მიუხედავად, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვანი წარმატებები აქვთ.
"ჩვენ, საბოლოოდ, მივიღეთ კონკრეტული პასუხი ამ ომისთვის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის შესახებ. პაკეტი შეთანხმებულა, მისი ძირითადი მიმართულება ნათელია. ევროპის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვნად შეზღუდონ ნავთობის იმპორტი რუსეთიდან. პრაქტიკული შედეგი არის ათობით მილიარდი ევროთი ნაკლები, რომელსაც რუსეთს ტერორის დასაფინანსებლად ექნება. ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთის წინააღმდეგ ამ ომის გამო ახალი შეზღუდვების შემუშავებას. როგორც კი მეექვსე პაკეტი ამოქმედდება, მეშვიდე პაკეტის მომზადებას დავიწყებთ. თავისუფალ სამყაროსა და ტერორისტ სახელმწიფოს შორის არანაირი ეკონომიკური ურთიერთობა არ უნდა არსებობდეს.
აქვე, მინდა მივმართო უკრაინაში მყოფ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ ჩვენი სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებს მიუთითონ, როგორ არის საჭირო შეტევა ან მტრის განდევნა. უკრაინა ყველა აზრს პატივს სცემს, მაგრამ უკრაინა, უპირველეს ყოვლისა, პატივს სცემს თითოეული ადამიანის სიცოცხლეს და ეს აქსიომაა. უკრაინა არასდროს მოიქცევა ისე, როგორც იქცევა რუსეთი, რომელიც ხალხს ბრძოლის ჯოჯოხეთში აგდებს მხოლოდ იმიტომ, რომ მოსკოვს კონკრეტულ თარიღამდე გარკვეული ტერიტორიების ხელში ჩაგდება სურს," - განაცხადა ზელენსკიმ.