27 ნოემბერი 2024,   23:32
ვრცლად
"ეს იქნება დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის და პირველ რიგში, მოსახლეობის ინტერესებისთვის" - ლევან დავითაშვილი სანქციებზე

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, უარი რუსეთის მიმართ ინდივიდუალური სანქციების დაწესებაზე იყო პასუხისმგებლობიანი გადაწყვეტილება ქვეყნისა და ხალხის წინაშე. 

მინისტრი დარწმუნებულია, რომ ეს ნაბიჯი ქვეყანას დიდ ზიანს მოუტანდა. 
 
"მოლდოვა დაახლოებით ისეთივე მდგომარეობაშია, როგორც საქართველო - მისი ტერიტორიებიც მნიშვნელოვანწილად ოკუპირებულია და ბევრი პრობლემა აქვს გადატანილი ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ის მოწინავე ქვეყანაა, რომელიც საქართველოსთან ერთად ევროკავშირში ინტეგრაციას ცდილობს.
 
შევთანხმდეთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ სოლიდარულები და ვიყოთ იმ პოზიციაზე, რაც საერთაშორისო თანამეგობრობას აქვს ამ საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით და ეს ასეც არის.
 
რაც შეეხება სანქციებს ეკონომიკური კუთხით - საქართველო არის იმ თითქმის ყველა საერთაშორისო გადაწყვეტილების ნაწილი, რომელიც ეხება საფინანსო სისტემებს და ა.შ. რომლის საერთაშორისო თანამეგობრობის ნაწილი საქართველო არის და, შესაბამისად, საქართველო ამ კუთხით ინდივიდუალურად ვერ იმოქმედებს. რაც შეეხება ინდივიდუალურ სანქციებს - ამ შემთხვევაში უნდა ვიფიქროთ, რა მიზნის მიღწევა გვინდა და რას უნდა მივაღწიოთ.
 
თუ წარმოგვიდგენია, რომ რაიმე ტიპის ზიანის მიყენება ან ზემოქმედება შეგვიძლია, ამაზე ზედმეტია საუბარი, ეს ასე არ იქნება, მაგრამ თუ ვისაუბრებთ იმაზე, რომ ეს იქნება მძიმე ზიანის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის - აქ ცალსახაა, ეს იქნება დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის და პირველ რიგში, მოსახლეობის ინტერესებისთვის. აქ არ ვსაუბრობ მხოლოდ ეკონომიკაზე, პრაგმატულ მიდგომებსა და პრაგმატიზმზე, იმიტომ, რომ პრაგმატიზმი ასეთ სიტუაციაში, როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო მორალურად ერთიანდება ერთი პოზიციის გარშემო, შეიძლება არასწორი ტერმინი იყოს, ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ პასუხისმგებლობიან გადაწყვეტილებაზე, პასუხისმგებლობაზე ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის მიმართ, მათ უსაფრთხოებაზე და მათ შორის, ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე. ჩვენი გადაწყვეტილებები სწორედ ამითაა ნაკარნახევი," - აცხადებს დავითაშვილი. 
 
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, მოლდოვამ რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაწესებაზე უარი თქვა. 
დღის ამბები