რუსეთისთვის დაკისრებული სანქციების გამო, "აეროფლოტის" მგზავრებმა ეგვიპტეში გაფრენა ვეღარ შეძლეს. მიზეზი ევროკავშირის გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვით რუსული თვითმფრინავებისთვის ევროკავშირის საჰაერო სივრცე დაიხურა. ამ აკრძალვის გარდა, არსებობის ისტორიაში პირველად, ევროკავშირმა უკრაინისთვის 450 მილიონი ღირებულების იარაღის შეძენის გადაწყვეტილებაც მიიღო.
ბრიუსელში ასევე შეთანხმდნენ რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არხების - Russia Today-სა და Sputnik-ის მაუწყებლობის გათიშვაზე. ევროკავშირის გადაწყვეტილებით გაიყინება რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივებიც. შედეგად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, ბანკმა 9,5%-დან რეკორდულ 20%-მდე გაზარდა. ისტორიულად გაუფასურებულია რუბლიც. რუსული ვალუტა დოლართან მიმართებაში 30 პროცენტით დაეცა და ერთი აშშ დოლარის ღირებულება 100 რუბლს ასცდა.
საერთაშორისო საზოგადოების საპასუხოდ, რუსეთის პრეზიდენტმა დღეს ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები შეკრიბა და მის წინააღმდეგ გამოთქმულ კრიტიკას კრიტიკითვე უპასუხა. ვლადიმერ პუტინმა ამერიკას და მის მოკავშირეებს ტყუილის იმპერია, უკრაინაში შეჭრას და სამხედრო აგრესიას კი დონბასში წარმოებული ოპერაცია უწოდა.
პოლიტიკური და ეკონომიკური ფასი უკრაინაში შეჭრისთვის, რუსეთთან ერთად ბელორუსმაც უნდა გადაიხადოს. ბრიუსელში დაადასტურეს, რომ სანქციების ახალი პაკეტი ბელორუსისთვისაც მზადდება.
უკრაინა პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის, თუმცა კიდევ უფრო მეტს ითხოვს. დმიტრო კულება დასავლეთს რუსულ გაზსა და ნავთობზე ემბარგოს დაწესების აუცილებლობას ახსენებს.
რუსეთთან ბიზნესის წარმოება დღეს ნიშნავს 21-ე საუკუნის ჰიტლერის, ვლადიმერ პუტინის დაფინანსებას - ასე მიმართავს დანარჩენ მსოფლიოს უკრაინის საგარეო საქმეტა მინისტრი. ის კონკრეტულ მიმართვას რუს ხალხსაც უგზავნის.
რუსეთის კონკრეტული ბანკებისთვის სანქციების დაწესებას აპირებენ სინგაპურშიც. რუსეთის წინააღმდეგ სასანქციო ღონისძიებებს უერთდება სამხრეთ კორეაც.
ოფიციალური სეული რუსეთში სტრატეგიული მასალების ექსპორტს აკრძალავს და ეთანხმება საერთაშორისო ძალისხმევას დაბლოკოს რუსეთი SWIFT-ის პროგრამაში.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დაწესებას და რუსულ აქტივების გაყინვას გეგმავენ შვეიცარიაშიც. დასავლელი პარტნიორების შემზღუდავ ზომებს შეუერთა ავსტრალიაც და პერსონალური სანქციები დაუწესა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინსა და მის გარემოცვას.