27 ნოემბერი 2024,   23:30
ვრცლად
ევროპის კონტინენტზე ყველაზე დიდ სამხედრო კონფლიქტში ჩართული მხარეები ერთმანეთის პირისპირ - რა პრინციპული საკითხებით ჩავიდა უკრაინის დელეგაცია გომელში 

ევროპის კონტინენტზე, ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე დიდ სამხედრო კონფლიქტში ჩართული მხარეები, ერთმანეთის პირისპირ, ერთ დარბაზში ერთი მაგიდის გარშემო, ქალაქ გომელში დასხდნენ.

შეხვედრა ორი საათის დაგვიანებით დაიწყო.

დელეგაციების წარმომადგენლები კიევიდან და მოსკოვიდან, ბელარუსის ტერიტორიაზე შეხვდნენ. უკრაინელები დანიშნულების ადგილზე სამხედრო ვერტმფრენებით ჩაფრინდნენ. რუსული მხარე მათ 24 საათზე მეტხანს ელოდებოდა. უკრაინას 7 კაციანი დელეგაცია წარმოადგენდა, მათ შორის იყვნენ თავდაცვის მინისტრი და ფრაქცია "ხალხის მსახურის" ლიდერი დავით არახამია. უკრაინული მხარე შეხვდრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე აცხადებდა, რომ პოზიციებს არ დათმობდა. მოსკოვის 5 კაციან დელეგაციას კი, მოლაპარაკებები აიმედებდა.

საომარ მოქმედებებში, დღეიდან ჩაერთვება ყველა, ვისაც სამხედრო გამოცდილება აქვს, მათ შორის პატიმრები - შესაბამისი ბრძანება ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასცა. რუსეთთან დაწყებული მოლაპარაკებების ფონზე, უკრაინის ქვეყნის პრეზიდენტი, დასავლეთისგან ევროკავშირში დაუყოვნებლივ გაწევრიანებას მოითხოვს. დილიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევში შეიყვანეს 400 კაციანი დაქირავებული რაზმი. დავალება კრემლიდან ერთადერთია - ვოლოდიმირ ზელენსკის ლიკვიდაცია.

"ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და უკრაინის ტერიტორიიდან ჯარის გაყვანა" - ეს იყო პრინციპული საკითხი, რომლითაც უკრაინის დელეგაცია გომელში ჩავიდა. ისინი, ვინც უკრაინაში დარჩნენ, აცხადებდნენ, რომ ქვეყნის დასაცავად ყველაფერს გააკეთებდნენ და რომ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იბრძოლებდნენ. დანარჩენ მსოფლიოს კი შეახსენეს, რომ ახლა მათ ჰუმანიტარული დახმარება სჭირდებათ.

ეს არის ომი, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან - ქალები, ბავშვები, მოხუცები... რუსული აგრესიის სისასტიკე ვერც დღევანდელმა დიალოგმა გააჩერა, როცა კვლავ გამოჩდნენ უკრაინის თავზე ბომბები.

დაიბომბა დასახლებები, კორპუსები, სკოლები და საბავშვო ბაღები. ათობით დაღუპული და ასობით გარდაცვილია ხარკოვში. თუმცა ტრაგიკულ ისტორიებთან ერთად, იყო სასიხარულო ინფორმაციაც - დღეს გაირკვა, რომ 13 სამხედრო, რომლებიც კუნძულ ზმეინს იცავდნენ და რომლებიც, ყველას დაღუპულები ეგონათ, ცოცხლები არიან და ტყვეობაში იმყოფებიან. 

კრემლმა დღეს მშვიდობიან მოქალაქეებს მიმართა და კიევის დასატოვებლად ჰუმანიტარული დერეფანიც შესთავაზა.

ისტორიაში პირველად, ევროკავშირი იარაღით მოამარაგებს ქვეყანას, რომელიც კონფლიქტშია ჩართული. პოლონეთი კი მზად არის, უკრაინაში იარაღის შესატანად ტრანზიტული ქვეყანა გახდეს. ამ ფონზე კრემლი, ყველას ვინც მის წინააღმდეგაა, ბირთვული შეიარაღებით ემუქრება.

დღის ამბები