"არა ომს" - მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანმა ანდრეი რუბლევმა ასეთი ტექსტი კამერის ობიექტივზე, მას შემდეგ დატოვა, რაც დუბაიში გამართული ტურნირის ფინალში გავიდა. რუსმა სპორტსმენმა ასევე თქვა, რომ არაფერია მშვიდობაზე და ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი, მთავარია გქონდეს მოწმენდილი ცა და ჯანმრთელობა.
რუბლევი არ არის რუსეთის ერთადერთი მოქალაქე, ვინც უკრაინაში განვითარებული მოვლენები დაგმო. ბოლო დღეების განმავლობაში, არაერთმა საზოგადოებისთვის ცნობილმა სახემ დააფიქსირა სოციალურ ქსელში საკუთარი პოზიცია. რუსეთში ერთ-ერთი სახელმწიფო თეატრის დირექტორმა, ელენა კოვალსკაიამ თანამდებობა დატოვა.
პუტინის პოლიტიკას აკრიტიკებს ლეგენდარული რუსი მოჭადრაკე გარი გასპაროვი. "ყველა ერთად უნდა დავეხმაროთ უკრაინას ურჩხულის წინააღმდეგ ბრძოლაში," - წერს მოჭადრაკე. კაპაროვმა ასევე გამოაქვეყნა ვიდეო მიმართვაც, სადაც პუტინს დიქტატორი უწოდა.
დღევანდელი რუსეთის პოლიტიკას დიქტატურასთან უკრაინის სხვა არაერთი მხარდამჭერი აიგივებს. "ინსტაგრამ" გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო-რგოლი მადონამ, სადაც ნაჩვენებია რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის კადრები, რომელსაც ვლადიმირ პუტინისა და ადოლფ ჰიტლერის ფოტოები ცვლის. პოპვარსკვლავმა ვიდეოს კომენტარის დაურთო, სადაც წერს რომ რუსეთის უაზრო და ხარბი თავდასხმა შეჩერდეს. პუტინმა დაარღვია ადამიანის უფლებების ყველა შეთანხმება. მას არ აქვს უფლება სცადოს უკრაინის არსებობის წაშლა. მადონა მხარდაჭერას უცხადებს პრეზიდენტ ზელენსკის.
უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან და უკრაინის პირველ ლედისთან შეხვედრა გაიხსენეს პრინცმა უილიამმა და კეით მიდლტონმა, მათ "ტვიტერის" გვერდზე ღიად გამოხატეს მხარდაჭერა.
პირად "იუთუბ" არხზე გამოაქვეყნა ტრადიციული ამინდის პროგნოზის მიმოხილვითი ვიდეო ამერიკელმა კინორეჟისორმა დევიდ ლინჩმა. ის არასდროს საუბრობს პოლიტიკაზე, თუმცა ამჯერად ლინჩი რუსეთის პრეზიდენტს პირადად მიმართავს.
"ენ-ბი-ეის" მიმდინარე სეზონის მატჩის დაწყებამდე, სადაც ერთმანეთს საკრამენტო ქინგსი და დენვერ ნაგეტსი ხვდებოდა, უკრაინის ომი დაგმეს. ფეხზე იდგა მთელი დარბაზი. კალათბურთელებმა სოლიდარობა გამოხატეს ქინგსის უკრაინელ კალათბურთელ ალეს ლენს.
უკრაინას უჭერენ მხარს მწერლებიც. უკრაინის დროშის ფოტო გამოაქვეყნა რუსმა მწერალმა დიმიტრი გლუხოვსკიმ, მას აქამდეც არაერთხელ გაულაშქრია პუტინის პოლიტიკის წინააღმდეგ.
ამერიკელი მწერლის, სტივენ კინგის ემოცია კი ასეთი იყო- "უმეტესობა ჩვენგანმა ბავშვობაში, სათამაშო მოედანზე, ერთი რამ ვისწავლეთ: განზე არ უნდა დადგე, როცა დიდი ტიპი პატარას სცემს. შეიძლება მის შესაჩერებლად ერთი-ორი მუშტიც დაგჭირდეს, მაგრამ ეს გამართლებულია".