27 ნოემბერი 2024,   23:37
ვრცლად
უკრაინამ დღეს დილიდანვე მოითხოვა ანტირუსული კოალიციის შექმნა - როგორია კოლექტიური დასავლეთის პირველი რეაქციები

დეჟა-ვუმ 8 წლის თავზე მთელი მსოფლიო მოიცვა. ელოდნენ, თუმცა მაინც გაუჭირდათ იმის დაჯერება, რომ 2022 წელს პუტინმა კვლავ ნაცნობ სცენარს მიმართა. პირველი დისკუსია გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე შედგა. დილით შტაბ-ბინაში მიმავალმა დიპლომატებმა ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რომ სხდომაზე მისულებს სამხედრო მოქმედებები აქტიურ ფაზაში დახვდებოდათ. უკრაინელმა დიპლომატმა რუსს დაუყოვნებლივი პასუხები მოსთხოვა, რომელიც რუსული ცინიზმის მოტივებით გასცეს.

ვისთვის "სპეციალური ოპერაცია" და ვისთვის ფართომასშტაბიანი შეჭრა სუვერენულ სახელმწიფოში. “ომი უკრაინისა და ევროპის წინააღმდეგ “ - ასე შეაფასა მიმდინარე პროცესები დასავლეთმა, რომელიც რეაქტიულ რეჟიმში თათბირობდა საპასუხო ზომებზე. ბალტიის ტრიომ და პოლონეთმა საფრთხე საკუთარ თავზე მიიღეს და ნატო-ს ხელშეკრულების მეოთხე მუხლი აამოქმედეს, რაც ალიანსის მოკავშირის ტერიტორიული მთლიანობისა თუ პოლიტიკური დამოუკიდებლობისთვის საფრთხის გაჩენისთანავე სასწრაფო კონსულტაციებს გულისხმობს. გადაწყვეტილება მიღებულია : ნატო ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში დამატებით სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალებს გზავნის. ალიანსმა საკუთარი ძალები უმაღლეს მზადყოფნაში მოიყვანა, ყველა გაუთვალისწინებელ გარემოებაზე საპასუხოდ. “ერთიანი ვართ ერთმანეთის დასაცავად“ – აღნიშნავენ ნატოში, თუმცა აზუსტებენ, რომ ეს ვრცელდება ვიწროდ ალიანსის წევრებზე, უკრაინაში შესვლას არ აპირებენ.

მომენტალური იყო ამერიკის შეერთებული შტატების რეაქცია, რომელიც პირველი დღიდანვე ვარაუდობდა, ბოლო დღეებში კი უკვე დარწმუნებით ამბობდა, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა. ვლადიმერ ზელენსკი და ჯო ბაიდენი ერთმანეთს ტელეფონით დილიდანვე ესაუბრნენ. პარალელურად ნატოსთან სატელეფონო ხაზზე იყვნენ ამერიკის სახელმწიფო მდივანი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ოსტინი. შეთანხმდა კოორდინირებული პასუხი დიდი შვიდეულის მსჯელობის შემდეგ, რომელიც მოკავშირეებმა უკრაინის და გლობალური უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიის გამო რუსეთს უნდა დააკისრონ.

ომმა ცხადი გახადა,რომ ვერ იმუშავა ფრანგულმა და გერმანულმა დიპლომატიამ. შოლცსა და მაკრონს მოუწიათ იმის აღიარება, რომ პუტინთან საუბრებში დაკარგული საათები ფუჭი აღმოჩნდა და მსოფლიომ დღეს სხვა სამყაროში გაიღვიძა. სწორედ ამიტომ ნატოს გაფართოებაში სკეპტიკოსებად მოაზრებული სახელმწიფოებიც კრემლის მიმართ იმგვარ ნაბიჯებს აანონსებენ, რომელიც ამ აგრესიის პროპორციული იქნება. ესმით ისიც, რომ სანქციები პრობლემებს მათაც შეუქმნის - მიუხედავად ამისა, პარიზიც და ბერლინიც აცნობიერებს, რომ თუ ახლა არ იქნება მკაფიო ნაბიჯი, უფრო დიდი ფასის გადახდა მოუწევთ.

ტვიტერი დილიდან აფეთქდა უკრაინის მხარდამჭერი განცხადებებით. რუსეთს უკრაინიდან დაუყოვნებელი გასვლისკენ მოუწოდებს იტალია, ნიდერლანდები, უნგრეთი და ათობით სახელმწიფო. კიევის, ვარშავისა და ლონდონის თანამშრომლობის ახალი ფორმატის შემუშავების შემდეგ პოლონელმა და ბრიტანელმა ლიდერებმა ზელენსკის განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოუთქვეს. ეს ერთ-ერთი პირველი სახელმწიფოებია,რომლებმაც უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდება დაიწყეს. უკვე დღეს აღნიშნეს,რომ პუტინს ამდენი თავხედობის უფლებას არავინ მისცემს და ყველაფერი გაკეთდება უკრაინის სუვერენობისა და მთლიანობის აღდგენისთვის.

სამხედრო მოქმედებების პარალელურად რუსეთი დიპლომატიურ გადაწყვეტაზე საუბრობს - თუმცა უკვე დღეს ამის აღარავის სჯერა. ქვეყნის საგარეო უწყებას ამერიკელებთან და ნატოელებთან უსიამოვნო საუბრები აქვთ მთელი დღის განმავლობაში. ისინი მსოფლიო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას დასავლეთს აკისრებენ. დასავლურ მედიაში წერენ, რომ პუტინი უკრაინის სამხედრო ნეიტრალიტეტს ითხოვს.ვითარებას გამოეხმაურა პუტინის მოკავშირე ლუკაშენკოც,რომელმაც მოსკოვს უკრაინაზე შეტევისთვის საკუთარი ტერიტორიები დაუთმო.

რუსეთის მეზობელ სახელმწიფოებში რუს დიპლომატებს საგარეო უწყებები იბარებენ, ლიეტუვამ და მოლდოვამ ამასთან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. აღშფოთებულია თურქეთი, კიევმა ანკარას ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები რუსული გემებისთვის დახურვა სთხოვა. რუსულმა ინტერვენციამ მეზობელ უკრაინაზე მთელი მსოფლიო ფეხზე დააყენა, ახლა ყველა მათი ქმედითი პასუხის მოლოდინშია,ისეთის,რომელიც კრემლის შეჩერებას შეძლებს.

დღის ამბები