27 ნოემბერი 2024,   23:28
ვრცლად
ომი ევროპის კონტინენტზე - რა იბომბება და რა განადგურდა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად

კიევში დილის 7 საათამდე კომენდანტის საათია გამოცხადებული. მთელი ქვეყნის მასშტაბით კი საომარო მდგომარეობა მოქმედებს. დაკეტილია უკრაინის საჰაერო სივრცე. დილიდან, რუსეთის სამხედრო დანაყოფებმა უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა დაიწყეს, როგორც რუსეთის, ასევე ბელარუსის მხრიდან. პუტინის მოკავშირე ლუკაშენკო უარყოფს, რომ ბელარუსის ჯარი დონბასში მიმდინარე საომარ მოქმედებაში მონაწილეობს, თუმცა აცხადებს, რომ "თუ რუსეთს დასჭირდება", ბელარუსის ჯარი უკრაინაში იქნება.

რუსეთ უკრაინის 1974 კილომეტრიანი სასაზღვრო ზოლი ახლა მთლიანად ფრონტის ხაზია. უკრაინის მთელი აღმოსავლეთი და არა მხოლოდ ის, რუსეთის სარაკეტო იერიშების სამიზნეა. დღეს მოსკოვმა დესანტი გადასხა ოდესასთან, ნიკოლაევსკის ოლქშიც.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური აცხადებს, რომ ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიიდან უკრაინის მიმართულებით 4 ბალისტიკური რაკეტა ისროლეს.

რუსეთის არმია ისე ახლოსაა უკრაინის დედაქალაქთან, როგორც არასდროს. საოკუპაციო ძალებმა იერიში მიიტანეს ანტონოვის აეროდრომზე, იქ ამ დრომდე გრძელდება შეტაკებები. ეს აეროდრომი, დაახლოებით, 40 კილომეტრში მდებარეობს კიევიდან. ვრცელდება განსხვავებული ინფორმაცია, რომ თითქოსდა, რუსულმა არმიამ მოიპოვა კონტროლი აეროდრომზე, თუმცა, უკრაინული წყაროები, ჯერჯერობით, არ ადასტურებენ. 

რუსულმა საჯარისო შენაერთებმა, ასევე, მოახერხეს კახოვის ელექტროსადგურის დაკავება, საოკუპაციო ძალები გამოჩნდნენ ჩერნობილის ატომურ სადგურთანაც, აქამდე მიღწევა მათ ბელარუსიდან მოახერხეს.

ბელარუსი ერთ-ერთი მიმართულებაა, საიდანაც პირველი დარტყმა განახორციელა რუსეთმა უკრაინაზე, მათ შორის, ავიაციის დახმარებით, დღის ბოლოსკენ კი ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინის მიმართულებით 4 ბალისტიკური რაკეტა ისროლეს.

არანაკლებ მძიმე მდგომარეობაშია ქალაქი ხარკოვი, რომელიც რუსეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს  - ის დღის განმავლობაში რამდენჯერმე დაექვემდებარა როგორც სარაკეტო, ასევე საჰაერო დაბომბვას, განხორციელდა სატანკო შეტევაც, თუმცა, ამ შემთხვევაში, უკრაინულმა არმიამ მოახერხა მტრის შეჩერება

უმძიმესი ბრძოლები მიმდინარეობს ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში, აქ მდებარე ყველა ქალაქი და სოფელი, ფაქტობრივად, მოწინააღმდეგის საარტილერიო და საჰაერო ცეცხლის ქვეშაა. ბუნებრივია, დიდია მსხვერპლი, მათ შორის, სამოქალაქო პირებში. რუსული სატანკო ნაწილები რამდენჯერმე ეცადნენ უკრაინული პოზიციების გარღვევას, თუმცა, მათი შეჩერება მოხერხდა ამერიკული და ბრიტანული ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებით.

ასევე, სატანკო გარღვევა ჰქონდა დაგეგმილი საოკუპაციო ძალებს ქალაქ სუმთან მიმდინარე ბრძოლისას, თუმცა, ეს შეტევა შეჩერდა მას შემდეგ, რაც უკრაინელმა სამხედროებმა 15 რუსული ტანკი ააფეთქეს.

საკმაოდ მძიმე ინფორმაცია გავრცელდა საღამოს ქალაქ უგლედარიდან - რუსმა სამხედროებმა საარტილერიო იერიში მიიტანეს საავადმყოფოზე. არიან დაღუპულები და გარდაცვლილები.

ყირიმიდან, ასევე, განხორციელდა რუსული არმიის ნაწილების შეტევა უკრაინის დანარჩენ ტერიტორიაზე, მათ შორის, ქალაქ მარიოპოლზე, რომლის დაბომბვა ინტენსიურად მიმდინარეობს. არის მსხვერპლი, რომელთა რიცხვი მუდმივად იცვლება.

დარტყმის ქვეშაა კუნძული ზმეინიც - მის დაკავებას რუსი სამხედროები დილიდან ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ, დღის ბოლოს კუნძულის დაბომბვა რუსეთის ფლოტის ორმა ხომალდმა დაიწყო, მაგრამ უკრაინულმა არმიამ ამ შემთხვევაშიც მოახერხა კუნძულის დაცვა.

ზმეინიდან გადავინაცვლოთ ოდესაში, სადაც რუსულ იერიშებს მშვიდობიანი მოქალაქეები შეეწირნენ - 18 ადამიანია ბოლო მონაცემებით დაღუპული. ამ პორტის ხელში ჩაგდება რუსეთისთვის სტრატეგიული მიზანია. საკმაოდ დიდია მსხვერპლი ოდესის შემოგარენში - 22 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა შეტაკებისას.

ასევე, მძიმე მდგომარეობაა ხერსონის ოლქში, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევის შედეგად სამწუხაროდ დაიღუპა ორი ბავშვი, არასრულწლოვანების დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება სხვა ქალაქებშიც.

დაბომბილია თითქმის ყველა უკრაინული სამხედრო აეროდრომი, მათ შორის ივანო-ფრანკოვსკილუცკი, ჩერნიგოვო, ზაპოროჟიე.

ბოლო მონაცემებით უკრაინულმა არმიამ ჩამოაგდო 7 რუსული საბრძოლო თვითმფრინავი, 5 ვერტმფრენი, გაანადგურა ათეულობით ტანკი, ჯავშანმანქანა. რაც შეეხება ცოცხალ ძალას, რუსეთის თავდაცვა საუბრობს 100 დაღუპულ სამხედროზე, უკრაინული მხარის მონაცემებით კი მათი რიცხვი გაცილებით დიდია, დანაკარგები როგორც არმიის, ასევე მესაზღვრეების რიგებში ჰყავთ უკრაინელ სამხედროებსაც, შეტაკებები გრძელდება და, შესაძლოა, დღეს ღამე ეს სურათი რადიკალურად შეიცვალოს.

დღის ამბები