საქართველოში აზერბაიჯანის საელჩო განცხადებას ავრცელებს მოქალაქეების ჯგუფის შესახებ, რომლებიც „აკორდ ჯორჯიას" მხრიდან საკონტრაქტო ვალდებულებების შეუსრულებლობას უჩივის.
"აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩომ ყურადღება გაამახვილა ბოლო დღეებში საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფის გააქტიურებაზე, რომლის საინფორმაციო „ფრონტმენი“ გახდა დავით კალმახელიძე. მოქალაქეთა ეს ჯგუფი „აკორდ ჯორჯიას" მხრიდან საკონტრაქტო ვალდებულებების შეუსრულებლობას უჩივის და შეიტანა სარჩელი ამ კერძო კომპანიის წინააღმდეგ.
სამეწარმეო სუბიექტებს შორის დავები და მათი სამართლებრივი გადაწყვეტა საყოველთაოდ მიღებული საერთაშორისო პრაქტიკაა. სრულიად აშკარაა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მსგავსი დავების გადაწყვეტა მთლიანად ამ ქვეყნის სასამართლო სისტემის პრეროგატივაა. უცხო სახელმწიფოს საელჩოს, 1961 წლის 18 აპრილის“დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დებულებების” შესაბამისად, არ აქვს უფლება დაუსაბუთებლად ჩაერიოს მასპინძელი ქვეყნის სასამართლო ხელისუფლების სუვერენულ კომპეტენციაში.
ამასთან დაკავშირებით, საელჩო საკმაოდ გაოგნებული იყო დ.კალმახელიძის მიერ წამოწყებული პროპაგანდისტული კამპანიით, მის მიერ ორგანიზებულ პიკეტებით საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს კომპლექსის წინ და ასევე „კამერების წინ“ დადგმული აქციებით ჰეიდარ ალიევის სახელობის პარკებში თბილისსა და რუსთავში. სამართლებრივი თვალსაზრისით და საყოველთაოდ მიღებული მსოფლიო ეკონომიკური პრაქტიკის შესაბამისად, სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების მოთხოვნები განიხილება სასამართლოში, საჭიროების შემთხვევაში კი სხვადასხვა სახელმწიფოს სამართლებრივ სისტემებს შორის საერთაშორისო ურთიერთქმედების არსებული მექანიზმების ჩართულობით.
თუმცა, საელჩოსთვის უცნობი მიზეზების გამო, დ. კალმახელიძემ აირჩია იაფფასიანი სპეკულაციის აბსოლუტურად მიუღებელი გზა, რომელიც ისახავს ეთერში გასვლით ესკალაცია გაუწიოს საზოგადოებრივ დაძაბულობას, მისცეს წმინდა ეკონომიკურ დავას, რომელშიც თავად ჩართულია, მისთვის სრულიად უხასიათო პროვოკაციულ-პოლიტიკური შეფერილობა. მისი უპასუხისმგებლო მიმართვები აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის მიმართ, ისევე როგორც აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის ძეგლების მიმართ თბილისის ისტორიულ ცენტრში და ქალაქ რუსთავში, სრულიად მიუღებელია და საფუძველშივე უნდა შეწყდეს.
საქართველოს მიწაზე „ამ ძეგლის არსებობის მნიშვნელობის გამჭვირვალობის“ საკითხი დ.კალმახელიძის გადასაწყვეტი არ არის. საქართველოს ნამდვილი მეგობარი იყო ჰეიდარ ალიევი, რომელმაც ეს არაერთხელ დაამტკიცა თავისი სახელმწიფო მოღვაწეობის განმავლობაში.
აბსოლუტურად მიუღებელია დ.კალმახელიძის ქმედებებით შექმნილი ჩარევა საელჩოს და მისი თანამშრომლების საქმიანობაში, ასევე დიპლომატიური მისიის ფუნქციების განხორციელებაში, რაც მოქალაქეთა მიღებაში გამოიხატება.
საელჩომ ასევე გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ დ.კალმახელიძის მიერ წამოწყებული პროპაგანდისტული კამპანია, უცნაური დამთხვევით, საკმაოდ სწრაფად აიტაცა მესამე ქვეყნების ზოგიერთმა საინფორმაციო რესურსმა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის ფონზე, საელჩო ამახვილებს ყველა იმ პირის ყურადღებას, ვის ინტერესებზეც გარკვეულწილად მოქმედებს ეკონომიკური სუბიექტების დავა და გამოთქმულია პრეტენზიები კორპორაცია „აკორდ ჯორჯიას" მიმართ, რომ მათ უნდა განიხილონ ყველა მათი მოთხოვნა წმინდა სამართლებრივ სიბრტყეში.
პოლიტიზებული შოუს შექმნის მცდელობა და კერძო კომპანიის სახელშეკრულებო ვალდებულებებზე სამეურნეო სარჩელების გამოყენება, რათა შეიქმნას საინფორმაციო დაძაბულობის კერა, მიაყენებს ჩრდილს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის წარმატებულად განვითარებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, და ეს მცდელობები კარგ შედეგს ვერ გამოიღებს. პირიქით, ისინი შეიძლება გახდეს არასაჭირო დამატებითი ტვირთი ეკონომიკურ სუბიექტებს შორის დავის სწრაფად გადაწყვეტის გზაზე წმინდა სამართლებრივი პროცედურების ფარგლებში.
საელჩო, ასევე, აცნობებს დ.კალმახელიძეს, რომ მისი ბოლოდროინდელი ქმედებები საელჩოს საქმიანობაში ჩარევისა და უსაფრთხოების ხელყოფის რისკის შესახებ გვაიძულებს დროულად მივმართოთ საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებს, რათა თავიდან ავიცილოთ მსგავსი მცდელობები მომავალში.
დ.კალმახელიძემ ასევე უნდა იცოდეს, რომ მისი რიტორიკული ვარჯიშები შეიძლება გამოყენებულ იქნას ტრადიციულად მეგობრული და პარტნიორული კავშირების დასაზიანებლად, რომლებიც საუკუნეების მანძილზე აკავშირებდა ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს.
საელჩო ასევე მტკიცედ მიმართავს თანამემამულეებს, საქართველოს სრულუფლებიან მოქალაქეებს მოწოდებით - არ დაემორჩილონ პროვოკაციებს და არ გახდნენ უნებლიე იარაღი არაკეთილსინდისიერების ხელში. ყველა პრეტენზია უნდა განიხილებოდეს წმინდა სამართლებრივ სიბრტყეში, რომელშიც მოქმედებას შეიძლება მოჰყვეს მათი მატერიალური მოთხოვნების დაკმაყოფილება," - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.