27 ნოემბერი 2024,   23:34
ვრცლად
ბადრი ჯაფარიძის და ირმა ინაშვილის შეხვედრა და პუტინის სახელზე გაგზავნილი წერილი თბილისიდან - რაზე ისაუბრეს პოლიტიკოსებმა

ირმა ინაშვილთან შეხვედრიდან მეორე დღეს ბადრი ჯაფარიძე "პატრიოტების" ლიდერის პრორუსულ ორიენტაციას ემიჯნება, თუმცა მასთან ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პროცესების განხილვას ბუნებრივ მოვლენად მიიჩნევს. ერთ-ერთ თბილისურ რესტორანში გამართული შეხვედრის შინაარსზე განმარტებები "ლელოს" ლიდერმა დღეს, კიდევ ერთხელ გააკეთა. ჯაფარიძე ამტკიცებს, რომ კომუნიკაციის დროს ინაშვილს არც რუსეთთან დაკავშირებული გეგმები გაუმჟღავნებია და არც არჩევნებში მხარდაჭერა აღუთქვამს.

ირმა ინაშვილმა დღეს საკუთარი "ფეისბუქით" საზოგადოებას რუსულ და ქართულ ენებზე ამცნო, რომ პუტინთან დიალოგს და საქართველოს ნეიტრალიტეტს ოფიციალურად ითხოვს. ინაშვილმა ისიც განმარტა, რომ რუსთავის ოლქში ბადრი ჯაფარიძის მხარდაჭერას არ აპირებს, თუმცა მას არც კონკურენტს დაუყენებს.

ინაშვილის პრორუსული პოზიციონირება და განცხადებები არ უკვირთ მმართველ გუნდში. პარლამენტის ვიცე-სპიკერის აზრით, ოკუპანტის მიმართ პოლიტიკური სიმპათიების ამ ფორმით გაჟღერებას საზოგადოებრივი მხარდაჭერა არ აქვს. გიორგი ვოლსკისთვის გაუგებარია, რა კავშირი შეიძლება იყოს ჯაფარიძესა და პუტინის მიმართ პატივისცემით მოსაუბრე ინაშვილს შორის.

ინაშვილი-ჯაფარიძის გადაკვეთის საერთო წერტილი უცნობია სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებისთვისაც. მიუხედავად ამისა, მათი ნაწილი პოლიტიკოსების შეხვედრაში პრობლემას ვერ ხედავს. "ნაცმოძრაობაში" კი, რომელიც რუსთავის ოლქში ბადრი ჯაფარიძის აქტიური მხარდამჭერია ირმა ინაშვილთან სამომავლო საარჩევნო თანამშრომლობას კატეგორიულად გამორიცხავენ.

ოპონენტებისგან განსხვავებით, ინაშვილი-ჯაფარიძის შეხვედრას გაცხადებული პოლიტიკური მიზნების ღალატს უწოდებენ "ქართულ ოცნებაში".

რა ფორმით გაგრძელდება პრორუსული და პროდასავლური ძალების სამომავლო თანამშრომლობა ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღების იდეით, ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები