27 ნოემბერი 2024,   23:28
ვრცლად
ძალების ყველაზე დიდი მობილიზება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ - 190 000 ჯარისკაცი უკრაინის საზღვრებთან

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია ერთხმად დაამტკიცა. რეზოლუცია მხარდაჭერას უცხადებს უსაფრთხო, დემოკრატიულ და დამოუკიდებელ უკრაინას და გმობს რუსეთის სამხედროების კონცენტრაციას უკრაინის საზღვართან.

უკრაინის კრიზისი იქნება ის საკითხი, რაზეც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვირტუალურ კონფერენციას გამართავს ევროკავშირისა და NATO-ს ლიდერებთან.

ამავე საკითხზე მომდევნო კვირას ოლაფ შოლცის ინიციატივით, "დიდი შვიდეულის" ქვეყნების ლიდერების შეხვედრა გაიმართება. მომდევნო კვირას ასევე ერთმანეთს შეხვდებიან ენტონი ბლინკენი და სერგეი ლავროვი. შტატების სახელმწიფო მდივნისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მასპინძლობისთვის სურვილი უკვე გამოთქვა შვეიცარიამ.

შეერთებული შტატების ადმინისტრაცია დარწმუნებით ამბობს, რომ რუსები არა თუ გადიან უკრაინის საზღვრებიდან, არამედ იქ უფრო მეტი ძალაა მობილიზებული.

ადმინისტრაციის წევრების შეფასებით, უკრაინის საზღვრებთან, ყირიმსა და ბელორუსში, საუბარია 190 000 ჯარისკაცამდე. მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ იანვრის ბოლოს, რუსებს 100 000 სამხედრო ჰყავდათ. როგორც ეუთოში შეერთებული შტატების ელჩმა თქვა, ეს არის ძალების ყველაზე დიდი მობილიზება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. 

რუსეთის საფრთხის დასასრულებლად, განსაკუთრებული მოლოდინი აქვთ შეერთებული შტატების ადმინისტრაციისგან, ალიანსში მყოფ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებს. ისინი დიდი ხანია ცდილობენ დაარწმუნონ დასავლელი მოკავშირეები, რომ ასპირანტი ქვეყნები ნატოში შეუშვან.

გასულ კვირას ბაიდენს კიდევ ერთხელ ურჩიეს, ვილნიუსის სამიტამდე დარჩენილი დრო გამოიყენოს და ნატოსთან დაკავშირებით ისტორიული გადაწყვეტილება მიიღოს. 

კიევის მიმართ ვაშინგტონის პოლიტიკური მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურება იყო ორპარტიული რეზოლუცია, რომელიც შეერთებული შტატების სენატმა მიიღო. დოკუმენტის ინიციატორები ჯინ შაჰინი, ბობ მენენდეზი, ჯიმ რიში და სხვა სენატორები არიან.

კანონმდებლები მოუწოდებენ პრეზიდენტს, შეჭრის ან უკრაინის სუვერენიტეტის დამაზიანებელი ქმედებების საპასუხოდ, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი, რუსეთისთვის დიდი ფასის დასაწესებლად და ევროპაში მშვიდობის აღსადგენად.

დღის ამბები