რა ვითარებაა კიევში, ელოდებიან თუ არა ფართომასშტაბიან თავდასხნას - უკრაინის კრიზისი ახალ საფეხურზე გადადის, ურთიერთბრალდებების რეჟიმი გრძელდება.
პარალელურად კი, ირღვევა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება - უკრაინული მხარის მტკიცებით, ეს ბოლო 24 საათში 60-ჯერ მოხდა.
ოფიციალური კიევის ცნობით, პრორუსულმა ძალებმა სტანიცა ლუგანსკას მიმართულებით გვიან ღამით კვლავ გახსნეს ცეცხლი. იქამდე კი ჭურვი ერთ-ერთ საბავშვო ბაღს მოხვდა. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. უკრაინული მხარე პროვოკაციებზე საუბრობს, კრემლი კი პასუხად ირწმუნება, რომ უკრაინის საზღვრიდან ტანკებისა და სამხედროების ნაწილი გაიყვანა. როგორც ცნობილია, სამხედროები დისლოკაციის ადგილზე ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონში დაბრუნდნენ.
ამ ინფორმაციის პარალელურად ვაშინგტონი აცხადებს, რომ რუსეთს უკრაინის საზღვართან თითქმის 190 ათასი სამხედრო ჰყავს მობილიზებული. პარალელურად, კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს ევროპა. დიდმა ბრიტანეთმა ესტონეთში ჯარებისა და ტექნიკის გადასროლა დაიწყო, გერმანია კი ლიეტუვაში სამხედრო ძალებს გზავნის.
რუსეთის პროვოკაციები ოკუპირებულ რეგიონებში გაგრძელდება და მიიღებს უფრო ინტენსიურ ხასიათს - ასეთ განცხადებას "კურიერთან" საუბარში პოლიტოლოგი და კიევის საკრებულოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი სერგეი ტარანი აკეთებს.
ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ამისთვის არსებობს რამდენიმე მიზეზი. პირველი არის ის, რომ პუტინი ცდილობს ზეწოლა მოახდინოს ასეთი ნაბიჯებით უკრაინის ხელისუფლებასა და დასავლეთზე და ასევე, არსებობს შიდა პრობლემები, მაგალითად ეკონომიკური კრიზისი რუსეთში, რომლის გადაფარვასაც ცდილობს კრემლის ლიდერი უკრაინაში ინტერვენციით.
"რუსეთისთვის სუსტი წერტილია NATO-ს გაფართოების საკითხი, რუსეთისთვის ამ მხრივ ცხელი წერტილია მოლდოვა, საქართველო, აზერბაიჯანი და უკრაინა.
რუსული არმია არსად წასულა, მათი ყოფნა უკრაინის სიახლოვეს, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ძალის დემონსტრირება. არ მჯერა კრემლის ბოლო დროინდელი განცხადებების, რომ ჯარს დისლოკაციის ადგილას აბრუნებს. პუტინმა კარგად იცის, რომ შანტაჟის ენა მუშაობს.
დადებითი სიგნალი არის ის, რომ უკრაინელი ხალხი აგრძელებს ცხოვრებას საფრთხის მიუხედავად და მათი ევროპული არჩევანი არის ურყევი. ხმის ამოღებას ქვეყნის ევროპული კურსიდან გადახვევის შესახებ ვერ ბედავენ ვერც პრორუსული ძალები," - აცხადებს "კურიერთან" საუბრისას სერგეი ტარანი.