27 ნოემბერი 2024,   23:28
ვრცლად
კახეთში მომხდარი სასტიკი მკვლელობა - პროკურატურამ სავარაუდო დამნაშავეს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თელავის რაიონის სოფელ კონდოლში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გ.წ.-ს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა. ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გ.წ.-სთვის, რომელიც თელავის რაიონის სოფელ კონდოლში მდებარე ერთ-ერთ მეცხოველეობის ფერმაში მუშაობდა, ცნობილი გახდა, რომ მასთან ერთად მომუშავე ცოლ-ქმარს 20.000 აშშ დოლარი ჰქონდათ შენახული. ბრალდებულმა აღნიშნული თანხის დაუფლების მიზნით, ზემოაღნიშნული პირების მოკვლა გადაწყვიტა. 10 თებერვალს, საღამოს საათებში, გ.წ.-მ ცეცხლსასროლი იარაღი დამიზნებით ესროლა გ.ჯ.-ს და მის მეუღლეს, რომლებიც მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ. ასევე, ბრალდებულმა ფიზიკურად იძალადა გარდაცვლილების არასრულწლოვან შვილზე, დაემუქრა მას და ძალის გამოყენებით დააბა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გ.წ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ორი პირის განზრახ მკვლელობა ჩადენილი ანგარებით) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანისა, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთის ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

დღის ამბები