მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 408 მილიონს აჭარბებს, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 5 მილიონს აღემატება.
ნორვეგია კიდევ ერთი სახელმწიფოა, რომელმაც კორონავირუსთან დაკავშირებით თითქმის ყველა შეზღუდვა გააუქმა. დღეიდან ნორვეგიელები ვალდებულები აღარ იქნებიან სულ მცირე ერთ მეტრიანი დისტანცია დაიცვან ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადეები ატარონ. შეზღუდვები ვრცელდება იზოლაციის წესებზეც. ინფიცირებულ პირებს კი 4 დღის განმავლობაში სახლში დარჩენას ურჩევენ.
"კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებულ თითქმის ყველა ზომას ვაუქმებთ. კორონავირუსის პანდემია აღარ წარმოადგენს მთავარ საფრთხეს ჩვენი უმეტესობის ჯანმრთელობისთვის. "ომიკრონის" შტამი ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს და ჩვენ კარგად ვართ დაცული ვაქცინებით,"- ამბობს ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იოანს სტოერე.
რეგულაციები შემსუბუქდა იტალიაშიც - მოსახლეობა ღია სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულებისგან უკვე გათავისუფლდა. ნიღბის ტარება კლავ სავალდებულოა დახურულ სივრცეებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
საზოგადოება ნიღბის ტარების ვალდებულებისგან თავისუფლდება ნევადას შტატშიც. პირბადის ტარება სავალდებულო არც სკოლებში აღარ იქნება, თუმცა შტატის გუბერნატორი სასწავლო დაწესებებს კოვიდის წინააღმდეგ საკუთარი პოლიტიკის შემუშავების შესაძლებლობას აძლევს.
რეგულაციებს ამსუბუქებენ გაერთიანებულ სამეფოში, ავსტრალიასა და ესპანეთშიც. ესპანეთში 12 წელს გადაცილებული ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეები აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისგან თავისუფლდებიან. ორჯერ აცრილ მოქალაქეებს საზღვარი გაუხსნა ავსტრალიამ. გაერთიანებულ სამეფოში კი შესვლის მსურველებს, რომლებიც სრულად ვაქცინირებული არიან კოვიდტესტის გაკეთებას აღარ მოითხოვენ.
ჩინეთმა Pfizer-ის სამკურნალო მედიკამენტი "პაქსლოვიდი" დაამტკიცა. ეს ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ დამტკიცებული პირველი მედიკამენტია, რომლის მიღებაც მორალურად არის შესაძლებელი.