ამერიკის პრეზიდენტი ომის მოლოდინშია. ფართომასშტაბიანი ომის, რომელსაც მსოფლიოსთვის შეუქცევადი პროცესები მოჰყვება. ჯო ბაიდენი საკუთარ მოსახლეობას აფრთხილებს, უკრაინის ტერიტორია დროულად დატოვონ, ვინაიდან რუსული ინტერვენციის პირობებში, შტატების მოქალაქეების ევაკუაცია კიევიდან უკვე შეუძლებელი იქნება. სატელეფონო საუბარში უკრაინის კრიზისზე ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკისაც ესაუბრა.
დიპლომატიურ ფრონტზე გუშინ ვერც მოლაპარაკებებმა გაიმარჯვა. "ნორმანდიული ოთხეულის" ფორმატის 9 საათიანი შეხვედრა გერმანიაში, რომელმაც ერთი მაგიდის გარშემო დაპირისპირებული მხარეები დასვა, უშედეგოდ დასრულდა. ბერლინი მორიგი ადგილი გახდა რუსეთ-უკრაინას შორის ურთიერთბრალდებებისთვის.
NATO აღმოსავლეთ ფლანგზე კონტინგენტს აფართოებს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შეიარაღებული ძალები გაზაფხულიდან რუმინეთში, სლოვაკეთსა და ბულგარეთშიც განთავსდება. რეგიონის უსაფრთხოებაზე გენერალურმა მდივანმა რუმინეთში ვიზიტისას ისაუბრა. საქართველო და უკრაინა ერთ კონტექსტში ახსენა და განაცხადა, რომ NATO კომპრომისზე არ წავა.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში იმის სათქმელად ჩავიდა, რომ დეესკალაცია შესაძლებელია, თავდასხმას კი პასუხი მოჰყვება. სიტუაცია რთულია, თუმცა კონტროლირებადი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის. მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ რეგიონში ახალი კონფლიქტი არ უნდა გაჩნდეს, დასავლეთის შეფასებები კრიზისზე კი გაზვიადებულად მიაჩნია.
რუსეთს უკრაინის საზღვრებთან 100 000 სამხედრო ჰყავს მობილიზებული. ფართომასშტაბიანი წვრთნებიც კვლავ გრძელდება. უკრაინის ინფორმაციით, რუსულმა ჯარმა აზოვისა და შავი ზღვის საერთაშორისო წყლები სამხედრო მანევრირებისთვის მთლიანად დაბლოკა. არ არის გამორიცხული კრემლმა ბირთვული წვრთნების ჩატარების თარიღი შემოდგომიდან თებერვალში გადმოწიოს.