27 ნოემბერი 2024,   23:33
ვრცლად
ანდჟეი დუდა ბრიუსელში NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდა - საუბრის მთავარი თემა რუსეთის მოსალოდნელი აგრესია იყო, საუბარი შეეხო საქართველოსაც

უკრაინის თემაზე ცალკე მოლაპარაკებებს აწარმოებს ანდჟეი დუდა, რომელიც ბრიუსელში NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდა. ალიანსის ხელმძღვანელის და პოლონეთის პრეზიდენტის საუბრის მთავარი თემა, რა თქმა უნდა, რუსეთის მოსალოდნელი აგრესია იყო.

ანდჟეი დუდამ იან სტოლტენბერგს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მომავალ სამიტზე NATO-უკრაინის და NATO- საქართველოს შეხვედრები შესთავაზა. პოლონეთის პრეზიდენტმა დღეს ბრიუსელში, საქართველოში რამდენიმე საათიანი ვიზიტიც გაიხსენა.

"მომდევნო NATO -ს სამიტისთვის ბატონ სტოლტენბერგს შევთავაზე, რომ გვქონდეს შეხვედერები NATO - უკრაინა, NATO-საქართველოს ფორმატშიც. მე ვესაუბრე ხანმოკლე ვიზიტის დროს თბილისში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ამ საკითხზე. მე მოვისმინე უსაფრთხოების შესახებ მისი ხედვა. ვფიქრობ, საქართველო უნდა დავპატიჟოთ ამ ფორმატში იმისათვის, რომ მოვახდინოთ ჩვენი სოლიდარობის დემონსტრირება ამ ქვეყნების მიმართ, ვაჩვენოთ, რომ მათ არ ვტოვებთ მარტოს. ისინი ყოველთვის იყვნენ ალიანსის ლოიალური პარტნიორები და ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს NATO-ს ახსოვს. მნიშვნელოვანია, რომ მათი მხარდაჭერა ჩვენს საიმედოობას ზრდის," - განაცხადა ანდჟეი დუდამ.

ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებით, NATO ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მისი მოკავშირეები დაიცვას:

"NATO პატივს სცემს ყველა ქვეყნის გადაწყვეტილებას არჩევანი გააკეთოს, გახდეს ან უარი თქვას ალიანსში გაწევრიანებაზე. ჩვენი ღია კარის პოლიტიკა არის ისტორიის წარმატება, რომელიც ავრცელებს თავისუფლებასა და უსაფრთხოებას მთელს მსოფლიოში. პატივი უნდა ვცეთ სუვერენული სახელმწიფოების უფლებას და არ უნდა დავუბრუნდეთ იმ პერიოდს, სადაც გავლენების სფეროები არსებობდა, სადაც დიდი სახელმწიფოები სხვებს ეუბნებოდნენ თუ რა უნდა გაეკეთებინათ და რა არა. მადლობას ვუხდით შეერთებულ შტატებს სამხედრო ძალების პოლონეთში, რუმინეთსა და გერმანიაში გაგზავნისთვის. ეს არის ერთგულების ძლიერი დემონსტრაცია ჩვენი ალიანსისადმი. ნატო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მისი მოკავშირეები დაიცვას. ამავდროულად რუსეთთან დიალოგი რჩება მეტად მნიშვნელოვან საკითხად არსებული კრიზისის გადაწყვეტაში," - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

დღის ამბები