27 ნოემბერი 2024,   23:30
ვრცლად
სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის მანდატის შეჩერებას საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა - როგორია ოპოზიციის და მმართველი გუნდის არგუმენტები

ელენე ხოშტარიასთვის, ბადრი ჯაფარიძესა და შალვა ნათელაშვილისთვის მანდატის გაუქმებას საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

ამ თემაზე მსჯელობა პარლამენტში მომდევნო კვირაში გაგრძელდება, საკითხს პლენარულ სხდომაზე  უყრიან კენჭს.

თემა დისკუსიის საგანია. საქმე იმაშია, რომ შალვა ნათელაშვილმა აზრი შეიცვალა და პარლამენტში შესვლა გადაწყვიტა, სწორედ ამის გათვალისწინება ითხოვა დღეს ოპოზიციამ მმართველი გუნდისგან, რომელმაც თავის მხრივ განმარტა, რომ გადაწყვეტილების მიზეზი სამართლებრივი საფუძვლები და რეგლამენტია. ელენე ხოშტარია და შალვა ნათელაშვილი არც ერთ სხდომას არ დასწრებიან - ამ შემთხვევაში დეპუტატს უფლებამოსილება უწყდება.

"ლელოს" ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის საკითხის განხილვა კი პარლამენტში მას შემდეგ დაიწყო, რაც მის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. თავად ბადრი ჯაფარიძე პროცესს პოლიტიკურ დევნასთან აკავშირებს.

"ყველა დამოუკიდებელი იურისტი და სამართალმცოდნე ამბობს, რომ აქ მანდატის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, მაგრამ "ქართული ოცნება" მიჰყვა თავის ხაზს და ეს არის იმ ხაზის ნაწილი, რაც გულისხმობდა ჩვენს პოლიტიკურ დევნას," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

"ლეიბორისტების" ლიდერი შალვა ნათელაშვილი, უპრეცედენტოს უწოდებს იმას, რომ სადეპუტატო უფლებამოსილება უწყდება პოლიტიკურ ბოიკოტში მყოფ პოლიტიკოსს:

"მსოფლიო პარლამენტარიზმის ისტორიაში პირველად, სადეპუტატო უფლებამოსილებას წყვეტს პარლამენტი იმის გამო, რომ წევრს გამოცხადებული აქვს პოლიტიკური ბოიკოტი გაყალბების და ძალაუფლების მიტაცებასთან დაკავშირებით. ასეთი რამ არცერთ ეპოქაში, არცერთ ქვეყანაში არ მომხდარა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ველოდებოდით," - აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

საკითხზე იმსჯელეს ბიუროს სხდომაზეც, სადაც ბადრი ჯაფარიძის თანაგუნდელმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ მანდატის შეწყვეტა შავი ლაქა იქნება პარლამენტისთვის.

უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ოპონენტების განცხადებებს უპასუხა და განაცხადა, რომ არ არსებობს არანაირი არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა მიჰყოლოდა პარლამენტი წესებს და შესაბამისად არ განეხილა დეპუტატის მანდატის საკითხი.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ბეჟაშვილი შალვა ნათელაშვილის მანდატზე პარლამენტის გააქტიურებას მის ბოლოდროინდელ განცხადებებს უკავშირებს, საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვასთან დაკავშირებით.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც საკითხის განხილვის მიზეზად შესაბამის რეგულაციებს და დადგენილებებს ასახელებს.

დღის ამბები