27 ნოემბერი 2024,   23:33
ვრცლად
"ქართულმა ოცნებამ შექმნა ყველანაირი საკანონმდებლო პირობა იმისთვის, რომ ოპოზიციას ემუშავა პარლამენტში" - არჩილ თალაკვაძე

დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს, რომელიც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე უნდა განიხილონ, შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდში.

უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ორგანოს რეგლამენტით არის გათვალისწინებული შესაძლებლობა, რომ კონკრეტულ დეპუტატებს უფლებამოსილება შეუჩერდეთ.

"ჩვენ და მთელი ცივილიზებული სამყარო მოვუწოდებდით ამ ადამიანებს რომ მოსულიყვნენ პარლამენტში და შეესრულებინათ თავიანთი ფუნქცია, რაც დაავალა მათმა ამომრჩეველმა. ისინი ძალიან ჯიუტად ამბობდნენ უარს და არ შემოდიოდნენ პარლამენტში, განსაკუთრებით გამოირჩეოდა ნომერ პირველი ლეიბორისტი ამ შემთხვევაში.

დღეს, ჩვენი მისამართით იმის თქმა, რომ პოლიტიკური ნიშნით შეიძლება მოხდეს უფლებამოსილების შეწყვეტა, ნიშნავს სწორედ იმ არასერიოზულობას და კომიკურობასაც კი.

რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, ამ შემთხვევაში, არის მართლმსაჯულების გამამტყუნებელი განაჩენი და ამ საკითხთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ კომიტეტზე," - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის ბრალდებებს, რომ დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა პოლიტიკური დევნაა, აბსურდს უწოდებს. 

"თვეების განმავლობაში ისინი წინააღმდეგი იყვნენ შესულიყვნენ პარლამენტში, ხოლო ახლა ამბობენ, რომ პარლამენტში თუ არ შევალთ და არ ვიქნებით პარლამენტში, ეს არის პოლიტიკური დევნა. ეს არის აბსურდი, სიმართლე გახლავთ ის, რომ ქართულმა ოცნებამ შექმნა ყველანაირი საკანონმდებლო პირობა იმისთვის, რომ ოპოზიციას ემუშავა პარლამენტში. მათი საკითხის განხილვა მოხდება რეგლამენტის შესაბამისად და ჩვენ მივიღებთ ამაზე შესაბამის გადაწვეტილებას," - აცხადებს არჩილ თალაკვაძე. 

დღის ამბები