27 ნოემბერი 2024,   23:38
ვრცლად
ნიკა მელიამ საჯაროდ აღიარა, რომ პატიმარი მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობისთვის" გახდა პრობლემა - გურამ მაჭარაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები პარტიის ოფისში იკრიბებიან. ოპოზიცურ პარტიაში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა, სავარაუდოდ, ნიკა მელიას განცხადება და მედიაში გავრცელებული ჩანაწერებია, სადაც მელია ამბობს, რომ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას არ ემხრობოდა.

ნიკა მელიამ გავრცელებულ ვიდეომასალაზე პოსტი სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა. "დიახ, მე ვიყავი მიშას ჩამოსვლის წინააღმდეგი - მე, ისევე როგორც მიშა, არ ვთვლი, რომ მიშას თავისუფლება არის ერთადერთი იდეა, რომელმაც ხალხი გარეთ უნდა გამოიყვანოს" - წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ნიკა მელიაზე ახლო მოკავშირე არ ჰყავს და არც ნიკა მელიას ჰყავს სააკაშვილზე დიდი მოკავშირე,

"გუშინ რაც ვნახეთ და რასაც ვუყურეთ, ეს არ ხდება პირველად, ასეთი ტიპის ფაბრიკაციები ხშირია და ასევე, მიყურადება," - აცხადებს დოლიძე.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" სააკაშვილის იდეების მძევალი პარტია გახდა.

"მელია კატეგორიულად აცხადებდა, რომ იგი რომ ყოფილიყო სააკაშვილის ადგილას, აუცილებლად ჩამოვიდოდა [საქართველოში] და სათავეში ჩაუდგებოდა ოპოზიციურ მოძრაობას. ამბობდა, რომ კატეგორიულად მიუღებელია სააკაშვილის ყოფნა უკრაინაში. ახლა შედეგებიდან გამომდინარე საუბრობს, თავი უნდა რომ წარმოაჩინოს უფრო ბრძენად, ვიდრე ნაყოფიაა. 

საერთოდ, "ნაცმოძრაობა" დარჩა 2 ლიდერის ხელში ერთი ბელადის შემყურე.

მე ვფიქრობ, მაინც, სააკაშვილის შეკვეთა არის მთავარი და "ნაცმოძრაობა" იქცა მძევლად სააკაშვილის ამ ფანტაზიების, რომ ის რევოლუციის ტალღით იქნება გათავისუფლებული საკნიდან,"-აცხადებს გია ვოლსკი.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ენმ აღიარებით ჩვენებებზეა გადასული. 

"ნიკა მელიამ საჯაროდ აღიარა, რომ პატიმარი მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობისთვის" გახდა პრობლემა. ამ ჩანაწერებმა ახალი არაფერი, მაგრამ მტკიცებულებითი ფორმა შესძინა იმას, რაზეც ჩვენ ამდენი ხანია ვსაუბრობთ და საზოგადოებამ ისედაც იცოდა,"- აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები