27 ნოემბერი 2024,   23:32
ვრცლად
რა იწვევს ინფლაციას - საქართველოში ყველაზე მაღალი ნიშნული 2006-2011 წლებში დაფიქსირდა

მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, პანდემია და გლობალური ინფლაცია საქართველოზეც აისახა. 2022 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ 1.1% შეადგინა, წლიური ინფლაცია კი, 13.9%-ია, რის გამოც მთელ რიგ პროდუქტებზე სამომხმარებლო ფასები გაიზარდა. 

არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რაც მსოფლიოსა და საქართველოში ფასების ზრდას განაპირობებს:

ბენზინი და დიზელის საწვავი - საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების ზრდა, რასაც ხელს უწყობს გეოპოლიტიკური დაძაბულობა;

მზესუმზირის ზეთი - მოთხოვნის ზრდა და მიწოდების შემცირება, რაც გამოწვეული იყო 2020 წელს შავი ზღვის რეგიონში ცუდი მოსავლით;

ხორბალი და ხორბლის ფქვილი - მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდა განაპირობა გვალვამ. ფასის ზრდაში, მათ შორის საქართველოში, წვლილი შეიტანეს შეფერხებამ მიწოდების ჯაჭვში და პროდუქტების მზარდმა ხარჯებმა;

ბოსტნეული - ფასთა ზრდას ასევე განაპირობებს მსოფლიო ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნა, ცუდი მოსავალი და შემცირებული მიწოდება.

კვერცხი - მოთხოვნის ზრდა და მიწოდების დეფიციტი.

დღეს არსებული მონაცემები უახლოეს წლებში ინფლაციით გამოწვეული ფასების ზრდის რეკორდული მაჩვენებელი არ არის. ყველაზე მაღალი ციფრები ბოლოს 2006 და 2011 წლებში დაფიქსირდა და ორივე შემთხვევაში ინფლაციის მაჩვენებელმა 14%-ს გადააჭარბა.

• 2006 წელი - 14,5%
• 2008 წელი - 12,9%
• 2010 წელი - 13,9%
• 2011 წელი - 14,3%

2012 წლიდან ინფლაციური პროცესები მნიშვნელოვნად შემცირდა და მაღალ ნიშნულს მხოლოდ კოვიდპანდემიის პირობებში დაუბრუნდა. 2004 წლიდან დღემდე ინფლაციური პროცესებით გამოწვეული ფასების ზრდის ტენდენცია საქართველოში ასე გამოიყურება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: 2004-2012 წლებში ფასები გაიზარდა 95%-ით, 2012-2021 წლებში 60%-ით;

კომუნალური გადასახადები: 2004-2012 წლებში ფასები გაიზარდა 75.1%-ით, 2012-2021 წლებში 29.3%-ით;

ტრანსპორტით სარგებლობის ფასები: 2004-2012 წლებში ფასები გაიზარდა 74.0%-ით, 2012-2021 წლებში ჯამურად 22,3%-ით;

ინფლაციას და ფასების რეკორდულ ზრდას ებრძვიან განვითარებული ქვეყნებიც. აშშ, გერმანია, თურქეთი და ევროზონა – ამ ქვეყნებში ინფლაციის დონემ და, შესაბამისად, ფასების ზრდამ ბოლო ათწლეულის რეკორდებს გადააჭარბა. სურსათის მსოფლიო ორგანიზაციის (FAO) ინფორმაციით, გასულ წელს საერთაშორისო მასშტაბით ფასების უპრეცედენტო ზრდა აღინიშნება.

ექსპერტების პროგნოზით, 2022 წლის გაზაფხულიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და წლის ბოლოს მიზნობრივ დონეს დაუბრუნდება, რასაც გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, ფისკალური კონსოლიდაცია და მთავრობის მიერ დაგეგმილი ეკონომიკური პოლიტიკა განაპირობებს.

დღის ამბები