27 ნოემბერი 2024,   23:34
ვრცლად
ვინ დაუჭირა დოკუმენტს მხარი ოპოზიციიდან - პარლამენტმა "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

საქართველოს პარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის პროექტს 74-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მათ შორის არაა ოპოზიციის დიდი ნაწილი. მმართველი პარტიის გარდა ტაბლოზე "ევროპელი სოციალისტების" და "მოქალაქების" ხმაც აისახა.

"პარლამენტმა მიიღო უკრაინისა და მისი სუვერენიტეტის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელსაც სამწუხაროდ ჩვენი ოპოზიციის ძალიან მნიშვნელოვანმა ნაწილმა მხარი არ დაუჭირა. ამ დეტალებზე იყო მთელი კასკადი სპეკულაციებისა, თუმცა ისტორიას დარჩება მხოლოდ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ და ჩვენი მშვიდობის პოლიტიკა, ომის არდაშვების პოლიტიკა, რომელიც დღეს და მოცემულ სიტუაციაში, ხაზგასმით ვამბობ, არის ყველაზე გონივრული. რეზოლუციის ამ ტექსტით და ამ ე.წ ვორდინგით დავაფიქსირეთ ყველა საჭირო და აუცილებელი ელემენტი, რაც გამომდინარეობდა ეროვნული უსაფრთხოებიდან, საქართველოს ინტერესებიდან, ჩვენი მეგობარი ქვეყნის და ხალხის მხარდაჭერის ინტერესებიდან," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით.

უკრაინის მხარდასაჭერად შედგენილი დოკუმენტის ერთ-ერთი ავტორი გიორგი ხელაშვილი მიიჩნევს, რომ რეზოლუციის ტექსტი სრულად ამართლებს საკუთარ მიზანს და უკრაინის თანადგომასთან ერთად, საქართველოს ეროვნულ ინტერესებსაც ემსახურება. დოკუმენტის შინაარსი ავტორმა კოლეგებს, პლენარულ სხდომათა დარბაზში წარუდგინა.

ის რაც მმართველი პარტიისთვის სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინება და მოზომილი პოლიტიკის გატარებაა, ზედმეტი სიფრთხილე და შიშია საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის. "ქართული ოცნების" ოპონენტების მთავარი მოთხოვნა ტექსტში რუსეთის ფედერაციის აგრესორის კონტექსტში ხსენება იყო.

ოპოზიციის სურვილია ვითარების ესკალაცია უკრაინაში და ზოგადად რეგიონში - ასე ფიქრობენ სახელისუფლებო გუნდში, სადაც განმარტავენ, რომ "ქართული ოცნება" მშვიდობიან პოლიტიკას ატარებს. ოპოზიციას კი ვიწრო პარტიული ინტერესების გატარებაში ადანაშაულებენ.

რეზოლუცია უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ - ასე ეწოდება ტექსტს , რომელიც უკრაინის თემაზე საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული მესამე დოკუმენტია. 2014 წელს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად მიღებულ რეზოლუციებს ოპოზიციის ხელმოწერა არ აქვს, ეს ფაქტი დღეს კიდევ ერთხელ გახდა მმართველი პარტიის მხრიდან "ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკის საბაბი.

საკანონმდებლო ორგანოში რეზოლუციის პროექტის შექმნა, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან, მოსალოდნელი სამხედრო ესკალაციის საფრთხის შემდეგ გადაწყდა. 

დღის ამბები