28 ნოემბერი 2024,   15:45
ვრცლად
ექიმების შეცდომა თუ თანხმლები დაავადებისგან გამოწვეული გარდაცვალება- ქუთაისში 21 წლის ქალს გლოვობენ

ექიმთა შეცდომა თუ თანხმლები დაავადებისგან გამოწვეული გარდაცვალება- 20 ივნისს გარდაცვლილი 21 წლის ქალის ოჯახი, ექიმების ბრალეულობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მას გადაუდებელი საკეისრო კვეთა დაგვიანებით ჩაუტარდა. სოფო კვარაცხელიას ოჯახი, როგორც მკურნალი, ასევე, იმ ექიმების დასჯას ითხოვს, ვინც ოპერაცია ჩაატარა. 

კლინიკა "ბომონდის" ვერსიით, მშობიარე ქალი გადაუდებელი საკეისრო კვეთის დროს თანმდევი დაავადებით გამოწვეული გართულების შედეგად გარდაიცვალა. თუმცა ეს მიზეზი ოჯახისთვის არასარწმუნოა. ტყუილს უწოდებს გარდაცვლილის მეუღლე ცნობას, თითქოს სოფო კვარაცხელია კლინიკაში შოკურ მდგომარეობაში შეიყვანეს. 

გარდაცვლილის ნათესავები აცხადებენ, რომ სოფო კვარაცხელიას თანმდევი დაავადებები არ ჰქონია. ქირურგიული ჩარევა მხოლოდ ერთხელ, 5 წლის წინ დასჭირდა. კერძოდ, ხერხემლის ოპერაცია, რომელსაც ოჯახის განცხადებით, გართულების გამოწვევა არ შეეძლო.

ფეხმძიმობის პერიოდში სოფო კვარაცხელია კონსულტაციას გინეკოლოგ ქეთევან ქაჯაიასთან გადიოდა. ის ქუთაისის მესამე სამშობიარო სახლში მუშაობს. გარდაცვლილის ოჯახი ამბობს, რომ გინეკოლოგი კატეგორიულად გამორიცხავდა რაიმე გართულებას მშობიარობის დროს. 

კლინიკა ”ბომონდში” ამბობენ, რომ პაციენტი შოკურ მდგომარეობაში შეიყვანეს. ექიმების არაერთი მცდელობის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ინფორმაციას გაყალბებულს უწოდებს გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი. ციცინო ბაბუნაშვილის თქმით, აუცილებელია დადგეს ქეთევან ქაჯაიას და კლინიკა ”ბომონდის” მედპერსონალის პასუხისმგებლობის საკითხი.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს. რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები