"მონანიება" კანის კინოფესტივალზე - მაყურებელს ლეგენდარული ქართული ფილმის ციფრულ ფორმატში რესტავრირებულ ვარიანტს შესთავაზებენ. თენგიზ აბულაძის საკულტო ფსიქოლოგიური დრამა წარმოდგენილი იქნება სექციაში "კანის კლასიკა".
კინოფესტივალზე "მონანიების" მსოფლიო პრემიერა 1987 წელს გაიმართა. მაშინ ფილმმა სამი ჯილდო მოიპოვა. ჟიურის დიდი პრიზი, ფიპრესის ჯილდო და კათოლიკური ეკლესიის ჟიურის პრიზი ჰუმანიზმისთვის. სურათი ასევე ნომინირებული იყო ოქროს გლობუსზეც.
მონანიება არის ფილმი დიქტატურაზე, საბჭოთა წარსულის გააზრებაზე, გზაზე, რომელიც არავინ იცოდა მივიდოდა თუ არა ტაძრამდე. შემზარავი რეალობა ფანტასმაგორიულმა მხატვრულმა გადაწყვეტამ და კინო ენის აბულაძისეულმა ესთეტიკამ ისე შეფუთა, რომ ვნებათაღელვა მაშინვე მოჰყვა.
საეტაპო ფილმი კომუნისტურ წყობას გადაურჩა, თუმცა ე.წ. პერესტროიკამდე საქართველოში მისი თამამად ყურება და კინოჩვენებების გამართვა შეუძლებელი იყო.
ახლა მთელი მსოფლიოს კინომოყვარულთა ყურადღება კანისკენ არის მიმართული.
ავტორი: მარიამ ჯანელიძე