28 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია - სხდომა პარლამენტში უკვე 10 საათია მიმდინარეობს

სად გაქრა 84 ოქმი - კითხვა, რომელზეც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ პასუხი დღეს ვერ მიიღო. მარნეულის 89-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს, წევრებსა და მდივანს დეპუტატების კითხვებზე პასუხები არ აღმოაჩნდათ.

კომისიის ერთ-ერთმა წევრმა კი რომელიც ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენდა, განაცხადა, რომ ოქმს საარჩევნო კომისიის წევრებმა, მათ შორის თვითონაც, ხელი ისე მოაწერეს, რომ ბიულეტენები არ დაუთვლიათ.

არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა პარლამენტში უკვე 10 საათია მიმდინარეობს.

ამ წუთებში დეპუტატები კითხვებს არასამთავრობო ორგანიზაციებს უსვამენ, რომლებმაც თავის მხრივ საგამოძიებო ჯგუფს იმ დარღვევებზე უნდა მიაწოდონ ინფორმაცია, რომელიც მათ დააფიქსირეს და უმეტეს შემთხვევაში გაასაჩივრეს კიდეც.

მესამე სექტორის წევრები ამბობენ, მათ საგამოძიებო კომისიის წევრებს მიაწოდეს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მათთვის იყო ცნობილი. გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ არჩევნების შედეგებზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ არჩევნების დღე, წინასაარჩევნო პერიოდი.  

"შევეცადე კომისიასთან დამეფიქსირებინა ის მოსაზრება, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საარჩევნო გარემოზე რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამა თუ იმ პროცესმა, ან რა გავლენა შეიძლება მოახდინოს არჩევნების შედეგებზე ამა თუ იმ მოვლენამ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კენჭისყრის დღის შედეგები და ზოგადად კენჭისყრის ოთახში რა ხდება, არამედ ოთახს გარეთ რა ხდება, ის მდგომარეობაც მნიშვნელოვანია, ასევე წინასაარჩევნო პერიოდში რაც ხდებოდა," - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა.

2020 წლის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის წევრი, ალუდა ღუდუშაური ამბობს, რომ იმგვარი ხარვეზები, რომელსაც შეეძლო რომ რაიმე სახის ზეგავლენა მოეხდინა არჩევნების საბოლოო შედეგებზე, არ იქნა გამოვლენილი.

"ისეთი ხარვეზები, რომელსაც შეეძლო რომ რაიმე სახის ზეგავლენა მოეხდინა საბოლოო შედეგებზე, არ იქნა გამოვლენილი. ბუნებრივია, ჩვენ ყველა იმ შეცდომაზე და ხარვეზზე რომელსაც ადგილი ჰქონდა არჩევნების პროცესთან დაკავშირებით, ბუნებრივია ჩვენ რეკომენდაციებში ავსახავთ და მივუთითებთ, რომ შემდგომში აღარ განმეორდეს. ასევე, ბუნებრივია, ის ტექნიკური ხარვეზები, რომელიც გამოვლინდა და რომელსაც ადგილი ჰქონდა ცალკეული კომისიის წევრების მიერ, ასევე აღნიშნულთან დაკავშირებით კითხვები გვექნება ორშაბათს, როდესაც უკვე მობრძანდება ქალბატონი თამარ ჟვანია," - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

 

დღის ამბები