პრემიერის თქმით, ახლა არსებული პირობებით "ნამახვანჰესის" პროექტი არ გაგრძელდება. განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან გააკეთა. მისი თქმით, ინვესტორებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ ჰესი უკეთესი პირობებით აშენდეს.
"რაც შეეხება ნამახვანის პროექტს, მოგეხსენებათ, ეს პრობლემა მემკვიდრეობით დამხვდა და მე ამაზე აქტიურად ვმუშაობ; იმ პირობებით, რა პირობებითაც ახლა ეს პროექტი არის და დაგვხვდა ის პირობები, 100 წელი და ა.შ. შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი პირობებით პროექტს არ გავაგრძელებთ," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ქუთაისში ყოფნისას განუცხადა.
"ჩვენ ვესაუბრებით ინვესტორს და დიდი იმედი მაქვს, რომ ინვესტორს დავითანხმებთ ჩვენი ქვეყნის სასიკეთო ინტერესებზე წამოვიყვანოთ და კიდევ უფრო უკეთესი პირობებით ავაშენოთ ეს პროექტი, რომელიც იქნება საუკეთესო ინტერესების გამტარებელი ჩვენი მოსახლეობის, მათ შორის ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე მოქალაქეებისთვის," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.