ევროკავშირი ლუკაშენკოს რეჟიმს ახალ სანქციებს უწესებს. ბელარუსის ავიალაინერებისთვის ევროკავშირის საჰაერო სივრცე სრულად ჩაიკეტა.
იმ ფონზე, როდესაც ევროპა უკვე ოფიციალურად ხურავს ბელარუსისთვის თავის საჰაერო საზღვრებს, "ბელავია" ფრენების რაოდენობას საქართველოში თითქმის აორმაგებს, ინფორმაციას "რადიო თავისუფლების" რუსული ბიურო ავრცელებს. 15 ივნისიდან რეისების რაოდენობა ორმაგდება ბათუმისა და თბილისის მიმართულებით.
სანქციები ლუკაშენკოს რეჟიმის კრიტიკოსი ჟურნალისტის აღიარებით ჩვენებას მოჰყვა.
ნამტირალევ ჟურნალისტს, რომელიც ბელარუსის პრეზიდენტს აქებს, ხელებზე დაზიანებები ეტყობა.
"ყველაფრის გამოსწორება", "გაქცევა", "ბოდიში", "ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა" და "ბრალის აღიარება" - ეს ის სიტყვებია, რომლებიც 90 წუთიან ინტერვიუში დაკავებულმა ჟურნალისტმა რომან პროტასევიჩმა ყველაზე ხშირად გამოიყენა. საათ-ნახევრის განმავლობაში ლუკაშენკოს კრიტიკოსი ჟურნალისტი ყვება, თუ როგორ მიაყენა სამშობლოს საკუთარი ქმედებებით პოლიტიკური ზიანი და როგორ გეგმავდა ქვეყნაში მასობრივ არეულობას.
ბელარუსის სახელმწიფო ტელეარხი არ აკონკრეტებს, სად და რა პირობებში ჩაიწერა ინტერვიუ. სკანდალური ვიდეოს გავრცელებიდან მალევე, პრესა და პოლიტიკოსები წამების შედეგად მიღებულ აღსარებაზე ალაპარაკდნენ. კამერებს არ გამორჩენიათ ის ფაქტიც, რომ ინტერვიუს დროს ატირებულმა ჟურნალისტმა ხელები სახეზე აიფარა და ამ დროს მის სხეულზე დაზიანებები გამოჩნდა.