28 ნოემბერი 2024,   15:40
ვრცლად
"უპირველეს ყოვლისა არის ბავშვის ინტერესი, მათ ინტერესში ახლა არის, რომ მშვიდ გარემოში შეისწავლონ მათი მდგომარეობა" - შალვა პაპუაშვილი

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის საქმეში რეგულირების სააგენტო, სოციალური სამსახური, ფსიქოლოგები, დეპუტატები, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ჩაერთო, თუმცა პანსიონში ისევ არ უშვებენ მედიას.

შეხვედრა, რომელიც ნინოწმინდის პანსიონში შედგა, ცოტა ხნის წინ დასრულდა. მას ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, სოციალური მუშაკები და დეპუტატები ესწრებოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან განცხადება გააკეთეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

მათი განცხადებით, ახლა მთავარი ბავშვების ინტერესებია და ის, რომ ყველა მათგანის უფლება სრულად იქნას დაცული. 

"მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალები მუშაობენ აქ, სოციალური მუშაკები არიან დღეს, რომლებიც დარჩებიან ამ პანსიონში და ხვალაც ექნებათ შეხვედრები და ზოგადად, ეს დღეები იქნებიან ბავშვებთან ერთად. ჩვენც შევხვდით ბავშვებს, ვესაუბრეთ მათ, მნიშვნელოვანი არის ერთი რამ, რომ უპირველეს ყოვლისა, არის ბავშვის ინტერესი, ბავშვების ინტერესში ახლა არის, რომ მშვიდ გარემოში მოხდეს მათი მდგომარეობის შესწავლა,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი ამბობს, რომ ხვალიდან შეხვედრები ისევ გაგრძელდება. 

"შიგნით არიან სოციალური მუშაკები, შიგნით არიან ფსიქოლოგები. ისინი დღეს ღამე დარჩებიან აქ. მე და ჩემი კოლეგა შალვა პაპუაშვილიც დავრჩებით ნინოწმინდაში და ხვალ სასულიერო პირებთან, აღსაზრდელებთან და პერსონალთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ყველა ბავშვის უფლება იყოს სრულად დაცული და ეს არის ყველას პირველადი ამოცანა,“ - აცხადებს ბექა დავითულიანი.

დღის ამბები