28 ნოემბერი 2024,   15:37
ვრცლად
ნინოწმინდის ამბავმა ბრიუსელშიც ჩააღწია, გააქტიურდნენ ქართველი პარლამენტარებიც - აქვთ თუ არა ერთიანი პოზიცია ქართველ პოლიტიკოსებს

ნინოწმინდის ამბავმა ევროპარლამენტშიც ჩააღწია - ევროპარლამენტარი პანსიონში გამოძიების ჩატარებას ითხოვს და ხელისუფლებას ახსენებს, რომ ეს ბავშვებს ეხება და არა პოლიტიკას.

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ნინოწმინდის პანსიონში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმიანება და იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიება დაუყოვნებლივ ჩატარდება.

"ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა და ამის შესახებ სულ უფრო მეტი წყაროდან მესმის. იმედი მაქვს, რომ იქნება ახსნა-განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ უშვებენ სახალხო დამცველს პანსიონში და დაუყოვნებლივ ჩატარდება ამაზე გამოძიება," - წერს ევროპარლამენტარი.

ის საქართველოს მთავრობას მიმართავს და აცხადებს, რომ საქმე ბავშვებს ეხება.

"ეს ბავშვებს ეხება და არა პოლიტიკას," - წერს ევროპარლამენტარი.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა აღსაზრდელის გამოყვანა ოპოზიციის მოთხოვნებს შორის პირველია. "ლელოში" თვლიან, რომ ვიდრე გამოძიება წარიმართება, არასრულწლოვანი ბენეფიციარები ნეიტრალურ უსაფრთხო გარემოში უნდა გადაიყვანონ, სადაც მათთან სპეციალისტები იმუშავებენ. დაუყოვნებლივ მოქმედებას ელოდება შესაბამისი უწყებებისგან დანარჩენი საპარლამენტო ოპოზიციაც.

რატომ არ მოხდა აქამდე ნინოწმინდის პანსიონში არსებული მდგომარეობის შესწავლა და სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა - ამ კითხვაზე ოპოზიციას საკუთარი პასუხი აქვს.

ბრალდებები მმართველი გუნდისთვის მიუღებელია, "ქართული ოცნება" პირიქით, სახალხო დამცველის პასუხისმგებლობაზე საუბრობს. რაც შეეხება პანსიონში მყოფი ბავშვების უსაფრთხოებას, დეპუტატების ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრო პროცესებს სრულად აკონტროლებს.

ნინოწმინდის პანსიონში მომხდარი შესაძლო დანაშაულების გამოძიების შესახებ დღეს პარლამენტში განმარტებები გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ. მას შემდეგ, რაც გუშინ მედიაში, მათ შორის, "რუსთავი 2-ის" ეთერში ბენეფიციარების ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც საუბარი იყო არაადამიანურ მოპყრობაზე, უწყებამ გამოძიება დაიწყო.

მთავრობის წევრებს შესაძლოა, განმარტებების გაკეთება მალე პარლამენტის წინაშეც მოუწიოთ. ოპოზიცია ფრაქციის ფორმატში სამინისტროების წარმომადგენლების დაბარებას გეგმავს.

დღის ამბები