მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა იწყება, მანამდე კი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აპრილის თვის ეკონომიკური მაჩვენებელი საკმოდ მაღალია და 44.8%-ს შეადგენს.
პრემიერის განცხადებით, იანვარ-აპრილის პერიოდში ეკონომიკური საშუალო ზრდა 8%-ზე მეტს შეადგენს, რაც მისივე განმარტებით, ძალიან პოზიტიური მაჩვნებელია.
"მოგეხსენებათ, რომ დღეს გამოქვეყნდა აპრილის თვის ეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც არის უპრეცენდენტოდ მაღალი. კერძოდ, აპრილის თვეში დაფიქსირდა 44.8% ეკონომიკური ზრდა, თითქმის 45%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც არის ნამდვილად უპრეცენდენტო და ძალიან პოზიტიური.
მე ასევე მინდა გითხრათ, რომ იანვარ-აპრილის საშუალო ზრდა გამოვიდა 8%-ზე მეტი, 8.1%, რაც არის ძალიან სასიხარულო ინფორმაცია. ასევე მინდა გითხრათ, რომ ეს მაჩვენებელი რა თქმა უნდა ძალიან აღემატება გასული წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკაში ძალიან დაბალი კლება გვქონდა, ეს გასაგებია.
ასევე მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი ეკონომიკა წელს ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპით გაიზრდება, ვიდრე ჩვენს წინა პროგნოზებში გვქონდა ნავარაუდევი.
დღეს ფინანსთა მინისტრი წარმოგვიდგენს მთავრობის სხდომაზე მიმდინარე წლის და საშუალო ვადიანი პერიოდის ეკონომიკური პროგნოზის მაჩვენებლებს. მნიშვნელოვანია, რომ განახლებული მაჩვენებლები გაცილებით უფრო პოზიტიურია.
კერძოდ, ექსპორტი აპრილში გაიზარდა 70%-ით; ფულადი გზავნილები გაიზარდა 144%-ით; და ძალიან პოზიტიურია, რომ ბიუჯეტის შემოსავლების დინამიკა ასევე არის ძალიან დამაჯერებელი და ოპტიმისტური," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.