ყოფილმა ლტოლვილმა, რომელმაც ბრიტანეთში ჩასვლის დროს ინგლისურად ერთი სიტყვაც კი არ იცოდა, არქიტექტორის დიპლომი აიღო.
სალმან ხანი ახლა 25 წლისაა, როდესაც ბრიტანეთში ჩავიდა, 12 წლის იყო. ავღანეთიდან ინგლისამდე მან 6 თვის განმავლობაში იმოგზაურა. ბიჭი გზაზე სამართალდამცველმა იპოვა და ვიდრე მინდობით აღმზრდელებს მიაბარებდნენ, პოლიციის გამყოფილებაში მიიყვანეს.
ხანის თქმით, მისი ოცნება იყო, აეშენებინა სკოლები ავღანეთში: "ომმა ყველაფერი დაანგრია, ვიღაცამ უნდა აღადგინოს. სწორედ ამიტომ ვარჩიე, არქიტექტურა მესწავლა..."
მას შემდეგ, რაც ბავშვმა ავღანეთში ოჯახი დატოვა და უცხო ადამიანებთან ერთად ბრიტანეთში ჩავიდა, ხანი მინდობითი აღზრდით ერთ-ერთ ოჯახს მიაბარეს. მან ინგლისური სწორედ დედობილისა და მამობილის დახმარებით შეისწავლა, სკოლის დასრულების შემდეგ კი უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა.
"როდესაც სკოლაში მივედი, შენობამ გამაოგნა... ის სრულიად არ ჰგავდა იმ შენობებს, რაც მე მანამდე მქონდა ნანახი. იატაკზე ხალიჩაც კი იყო დაგებული..."
სალმანი დიდი სითბოთი საუბრობს ოჯახზე, რომელმაც ბრიტანეთში ის აღსაზრდელად მიიღო.
"საძინებლის გარეთა კედელზე მათი ფოტოები ეკიდა, რომელიც უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ გადაიღეს და სულ მინდოდა, კედელზე ჩემი ასეთი ფოტოც ყოფილიყო," - ამბობს ხანი.
ამჟამად სალმანი ლესტერშირის ადგილობრივი ხელისუფლების კამპანიაშია ჩაბმული, რომელიც იმ ოჯახებს ამზადებს, ვინც მზად არის, ლტოლვილები მინდობითი აღზრდით მიიღონ.