28 ნოემბერი 2024,   16:46
ვრცლად
1 ივნისიდან ქვეყანა სახმელეთო საზღვრებს ხსნის - იხსნება რესტორნების და კაფე-ბარების შიდა სივრცეებიც

1 ივნისიდან ქვეყანა სახმელეთო საზღვრებს ხსნის. იზრდება იმ ქვეყნების ჩამონათვალიც, საიდანაც საქართველოში ტურისტები ჩამოვლენ.

კანადა, იაპონია, ქუვეითი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, მოლდოვა და ომანი - მოგზაურებმა უნდა იქონიონ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი. ლაბორატორიული კვლევების მონაცემები საჭიროა ორჯერ აცრის შემთხვევაშიც. საზღვრის კვეთიდან 3 დღის განმავლობაში კი ვიზიტორებმა განმეორებითი ტესტირება უნდა ჩაიტარონ. საზღვრების გახსნას განსაკუთრებით მიესალმებიან ტურისტული სფეროს წარმომადგენლები. სექტორი, რომელიც კოვიდპანდემიამ ჯანდაცვის შემდეგ ყველაზე მეტად აზარალა.

პარალელურად შაბათ-კვირას იხსნება რესტორნების და კაფე-ბარების შიდა სივრცეებიც. ამას ტურისტული სეზონის დაწყებამდე კვების ობიექტების მფლობელები მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ.

შეზღუდვების მოხსნის შემდეგ კვების ობიექტების მფლობელებმა კეთილსინდისიერება უნდა გამოიჩინონ. რესტორნების ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია მოხდეს არსებული რეგულაციების დაცვა, რათა ქვეყნის ეკონომიკამ, რომელმაც წელიწადში 9 მილიონამდე ტურისტი დაკარგა, ფეხზე წამოდგომა მოახერხოს.

რესტორნებში არსებული ნორმების და საზღვრის კვეთისას აუცილებელი ზომების დაცვას ქვეყნის მთავრობა მკაცრად გააკონტროლებს.

ამ დროისთვის კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციებიდან ძალაში მხოლოდ რადენიმე რჩება - ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა, მასშტაბური ღონისძიებების გამართვა და პირბადის გამოყენება.

დღის ამბები