28 ნოემბერი 2024,   16:59
ვრცლად
7-თვიანი ბოიკოტი დასრულებულია,"ნაცმოძრაობა" პარლამენტში შედის - რატომ არ აწერს პარტია ხელს შარლ მიშელის დოკუმენტს

მეათე მოწვევის პარლამენტში საკუთარ სავარძლებს "ნაციონალური მოძრაობის" სიით გასული 33 დეპუტატი დაიკავებს. ისინი პარლამენტში, სავარაუდოდ, სასესიო კვირიდან მივლენ. გადაწყვეტილება კი პოლიტსაბჭომ მიიღო. პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საპარლამენტო ბოიკოტი სწორი ნაბიჯი იყო და ბრძოლას ხელისუფლების დასამარცხებლად უკვე პარლამენტის კედლებიდან იწყებენ.

პარტიამ ბოიკოტი შეწყვიტა, თუმცა მისი წევრები, ჯერჯერობით, არ უერთდებიან დიდი პოლიტიკური ერთობის დოკუმენტს, შარლ მიშელის შეთანხმებას და ამბობენ, რომ მიზეზი ამნისტიასთან დაკავშირებული პუნქტებია.
სანამ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები პოლიტსაბჭოს სხდომაზე შეიკრიბებოდნენ, იყო ხანგრძლივი კონსულტაციები რეგიონებში მოსახლეობასთან. პარტიის წევრების ინფორმაციით, არ არის გამორიცხული თამარ კორძაიამ პარლამეტში შესვლამდე შარლ მიშელის დოკუმენტს ინდივიდუალურად მოაწეროს ხელი.

პოლიტიკურ შერიგების აღნიშვნას გირჩის წევრები პარლამენტში სიმბოლურად ხინკლის მიტანით აპირებენ და კოლეგებს განსაკუთრებულ დახვედრას ჰპირდებიან, თუკი საპარლამენტო რეგლამენტი მათ ამის საშუალებას მისცემს. 

ყველაზე დიდ ოპოზიციურ ოპოზიციურ პარტიას გადაწყვეტილებას უწონებენ ის დეპუტატებიც, რომლებმაც საპარლამენტო ბოიკოტი "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად დაიწყეს, თუმცა პარლამენტში მათ გარეშე შევიდნენ.

ოპოზიციისგან განსხვავებით ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვა არაფერს ცვლის მმართველი გუნდისთვის. 

"ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას დღის ბოლოს მმართველი გუნდი ტვიტერზე გავრცელებული განცხადებითაც გამოეხმაურა. "ქართული ოცნების" შეფასებით, პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერაზე უარით "ნაციონალურმა მოძრაობამ" აღიარა მათი დესტრუქციული პოლიტიკური დღის წესრიგის მარცხი.

დღის ამბები