28 ნოემბერი 2024,   16:38
ვრცლად
თუ "ოცნება" ამნისტიის კანონპროექტში რამდენიმე მუხლს შეცვლის, შესაძლოა, პარლამენტში შესული ოპოზიციის კიდევ ერთმა ნაწილმა პროექტს მხარი დაუჭიროს

თუ მმართველი გუნდი ამნისტიის კანონპროექტში რამდენიმე მუხლს შეცვლის, შესაძლოა, პარლამენტში შესული ოპოზიციის კიდევ ერთმა ნაწილმა, ერთიან პროექტს მხარი დაუჭიროს.

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე არ გამორიცხავს, რომ მიშელის შეთანხმების თანახმად, ერთ დოკუმენტს ეყაროს კენჭი. "ოცნების" ვერსია პირველი მოსმენით სესიაზე უკვე გასულია, მას მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა, მათ შორის "გირჩმა" და "მოქალაქეებმა".

ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით, შესაძლოა, მოხერხდეს ერთიან დოკუმენტზე მხარდაჭერა, თუმცა ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ ამისათვის საჭიროა "ქართულმა ოცნებამ" გარკვეული კომპრომისები დაუშვას. მათ შორის, თანხმობასთან დაკავშირებით, რომელიც ამნისტირებულებს ეკითხება, სურთ თუ არა, იყვნენ ამ კონკრეტული ჰუმანური აქტის მონაწილეები.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ საკომიტეტო მოსმენებისა და მეორე კენჭისყრისთვის, შესაძლებელია, პოზიციების დაახლოება ნამდვილად მოხდეს.

ოპოზიციის არგუმენტებს არ ეთანხმებიან "ქართულ ოცნებაში". მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ამნისტიის კანონპროექტი, რომელიც ხელისუფლების ოპონენტებმა წარმოადგინეს შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას არ იზიარებს. შესაბამისად, "ქართულ ოცნებაში" კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ოპონენტებს, რომ მათ მხარი დაუჭირონ "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებულ პროექტს და სწორედ ამ ნაბიჯით შესრულდეს ევროპელი მედიატორების მიერ მომზადებული დოკუმენტის სულისკვეთება.

დღის ამბები