28 ნოემბერი 2024,   16:50
ვრცლად
საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალი მთაწმინდის პანთეონში სამხედრო პატივით დაკრძალეს

საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალი გიორგი კვინიტაძე მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში სამხედრო პატივით დაკრძალეს.

გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი სამების საკათედრო ტაძრის ეზოდან გამოასვენეს. გენერალს პატივი მიაგეს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, მთავრობის წევრებმა. ადგილზე იმყოფებოდნენ, ასევე, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები.

სიმბოლურად, გენერალი გიორგი კვინიტაძე დამოუკიდებლობის დღეს დაკრძალეს.

აღსანიშნავია, რომ გენერლის ნეშტის გადმოსვენება საფრანგეთიდან საქართველოში მისი გარდაცვალებიდან მხოლოდ 51 წლის შემდეგ მოხერხდა. პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალს, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ქვეყნის წინაშე, სამხედრო პატივით მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. 

გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. მან სამხედრო განათლება თბილისსა და პეტერბურგში მიიღო. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა, 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს გარდაიცვალა.

დღის ამბები