28 ნოემბერი 2024,   16:51
ვრცლად
"გირჩი" 20 ივნისის საქმის მსგავსად, ამნისტიას 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებზე მოითხოვს - ტოლობის ნიშნის დასმას პოლიტიკოსების დიდი ნაწილი აპროტესტებს

გირჩი 20 ივნისის საქმის მსგავსად, ამნისტიის გავრცელებას 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებზეც ითხოვს.

პოლიტიკურმა ცენტრმა საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში დღეს ოფიციალურად დაარეგისტრირა. პარტიაში ფიქრობენ, რომ ფართომასშტაბიანი ამნისტირება პოლიტიკურ მხარეებს შორის, სამომავლოდ, ურთიერთბრალდებების საფუძველს წაშლის.

მცდელობა საინფორმაციო ველის შესავსებად - ასე აფასებს ყოფილი სახელისუფლებო პარტია "გირჩის" ინიციატივას. "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენების დროს ხელისუფლებას წარმოადგენდა, კანონპროექტს არარეალისტურს უწოდებს. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, 20 ივნისის საქმის არსებული ფორმით ამნისტირებასაც ემიჯნება.

"გირჩის" კანონპროექტს არაერთგვარი გამოხმაურება მოჰყვა მიშელის დოკუმენტის ხელმომწერ ოპოზიციაში. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ ახლა კანონმდებლები სრულად მიშელის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე უნდა ფოკუსირდნენ. მეორე ნაწილი კი, საკითხზე მსჯელობის დაწყებას დიდი სახალხო შერიგების ფორმატში დასაშვებად მიიჩნევს.

20 ივნისის მოვლენების 7 ნოემბერთან და 26 მაისთან გათანაბრება კატეგორიულად მიუღებელია მმართველი გუნდისთვის. "ოცნებაში" ამბობენ, რომ მოვლენებს შორის საერთო, ყველა შემთხვევაში მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" ბრალეულობა და პასუხისმგებლობაა. საპარლამენტო უმრავლესობა ოპონენტებს იმასაც ახსენებს, რომ ნოემბრისა და მაისის აქციებს პოლიტიკურთან ერთად ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ სამართლებრივი შეფასებაც მისცა.

"გირჩის" საკანონმდებლო ინიციატივა მიმდინარე კვირას ბიუროს სხდომაზე დაინიცირდება, რის შემდეგაც 20 ივნისის ამნისტიის ორი კანონპროექტის მსგავსად, განხილვები საკომიტეტო ფორმატში გადაინაცვლებს.

დღის ამბები