28 ნოემბერი 2024,   16:59
ვრცლად
შედგება თუ არა დიალოგი ნამახვანჰესთან დაკავშირებით - ხელისუფლებაში ჰესის აშენების შეწყვეტას გამორიცხავენ

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები უკვე მეორე დღეა ფართომასშტაბიან აქციას მართავენ და ხელისუფლებას ულტიმატუმებსაც უყენებენ.

იმ შემთხვევაში, თუ მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დროულად არ მიიღებენ, აქციის ორგანიზატორები დედაქალაქის პარალიზებას და პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

მათ დღეს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა, რომელმაც ხეობის მცველებს კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდა და ისიც შეახსენა, რომ კანონის დარღვევის შემთხვევაში სახელმწიფოს შესაბამისი რეაგირება ექნება.

აქციის მონაწილეებს გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრიც და აღნიშნა, რომ მათი მოთხოვნის მიუხედავად, თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. მმართველი გუნდის წარმომადგენლების მთავარი პოლიტიკური გზავნილი ის იყო, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა ენერგოდამოუკიდებლობაზე გადის.

დედაქალაქის ცენტრში მიმდინარე საპროტესტო აქცია ხელისუფლების ოპონენტებითვის კიდევ ერთი მიზეზია იმის სათქმელად, რომ "ქართულმა ოცნებამ" ქვეყნის მართვის შესაძლებლობა ამოწურა და მოსახლეობის პროტესტის ხმაც აღარ ესმის. 

კრიტიკის საპასუხოდ, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მოსახლეობის პროტესტი დაინახეს, თუმცა დედაქალაქის პარალიზება, მათი შეფასებით, კონსტრუქციული ნაბიჯი არ არის. უმრავლესობის დეპუტატების თქმით, ნამახვანჰესი უნდა აშენდეს, ვინაიდან სტრატეგიული პროექტია.

დედაქალაქის ცენტრში განვითარებულ მოვლენებს დღის ბოლოს აშშ-ისა და ევროკავშირის დიპლომატები გამოეხმაურნენ და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდეს. 

თბილისის ცენტრში ამ დრომდე კარვებია გაშლილი. აქტივისტები ნამახვანჰესის აშენებას ეწინააღმდეგებიან და ითხოვენ: შეჩერდეს 2019 წელს გაფორმებული ხელშეკრულება მთავრობასა და "ენკა" შორის, რის მერეც კომპანიამ ხეობა უნდა დატოვოს; გაუქმდეს მთავრობის განკარგულება უძრავი ქონების გადაცემისა და პრივატიზების შესახებ; გაუქმდეს სამშენებლო ნებართვა და მასზე დაფუძნებული ყველა დოკუმენტი და თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკის მინისტრი.

დღის ამბები