"რაინეარის" თვითმფრინავის ბორტზე მყოფი მგზავრები, რომლებიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდნენ, მინსკში აღმოჩნდნენ - მას შემდეგ, რაც თვითმფრინავმა მიმართულება შეიცვალა და მოულოდნელად ბელარუსის დედაქალაქში დაჯდა.
ბელარუსის ოპოზიციის მტკიცებით, ეს ალექსანდრ ლუკაშენკოს ბრძანებით მოხდა, რათა ბორტზე მყოფი ჟურნალისტი - რომან პროტასევიჩი დაეკავებინათ.
მგზავრები ამბობენ, რომ ბორტზე პანიკა და ჩხუბი არ ყოფილა.
"მას შემდეგ, რაც თვითმფრინავმა მოულოდნელად გეზი შეიცვალა და ამის შესახებ შევიტყეთ, ბორტზე მყოფი ერთი ბიჭი ძალიან განერვიულდა. ყველა გამოგვიყვანეს თვითმფრინავიდან, ძაღლებს შეამოწმებინეს ჩვენი ნივთები. ის ბიჭი სხვა მხარეს გაიყვანეს, მისი ნივთები კი ასაფრენ ბილიკზე დაყარეს. ვკითხეთ, რა ხდებოდა, თქვა, ვინც იყო და დაამატა - "მე აქ სიკვდილით დასჯა მელის". ის უკვე მშვიდად იყო. მასთან ერთად მთელი ამ ხნის განმავლობაში იდგა პოლიციელი, მალე კი სამხედრო პირებმა გაიყვანეს," - განაცხადა Delfi.lt-თან მგზავრმა, რომელიც ჟურნალისტ რომან პროტასევიჩთან ერთად იმყოფებოდა.
მგზავრები, ასევე, ჰყვებიან, რომ ისინი სამი საათის განმავლობაში ვიწრო კორიდორში ჰყავდათ დაკავებული და სასმელი წყალიც არ მიუციათ.