28 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
ვარიანტი, რომელიც 8-ჯერ უფრო გადამდებია და ყველა ასაკის ადამიანისთვის საშიში - საქართველოში ინდური შტამის შესაძლო შემთხვევებს იკვლევენ

ინდური შტამის პირველი სავარაუდო შემთხვევა საქართველოში - "კურიერისთვის" ცნობილი ხდება, რომ ლუგარის ლაბორატორია ახლა საგანგებო რეჟიმში მუშაობს და სპეციალისტების საბოლოო დასკვნას ელოდება.

ირკვევა, რომ რამდენიმე პაციენტის ანალიზის კვლევის დროს, ლუგარმა აღმოაჩინა ისეთი საეჭვო ნიმუში, რომელიც საქართველოში აქამდე არ უნახავთ.

შტამი დღემდე გავრცელებული ყველა ფორმისგან განსხვავდება. სპეციალისტები ჯერჯერობით ვერ ამბობენ, რასთან აქვთ საქმე, არსებობს ვარაუდი, რომ ეს შესაძლოა B.1617.2-ია, ანუ კორონავირუსის ის ქვეტიპი, რომელიც ინდოეთშია გავრცელებული. შტამი 8-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება და ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის საშიშია. 

ვირუსის სახიფათო ფორმამ, რომელიც ორმაგი მუტაციით გამოირჩევა, შესაძლოა, საქართველოც საფრთხის წინაშე დააყენოს. ლუგარის ლაბორატორია ე.წ ინდური შტამის რამდენიმე საეჭვო ფაქტს უკვე სწავლობს. ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი კვლევების დასრულებამდე მეტს არაფერს ამბობს.

ვირუსის თავისებურებიდან და გავრცელების მასშტაბებიდან გამომდინარე, საფრთხეებს კარგად გრძნობენ ინფექციონისტები. სპეციალისტები ამბობენ, რომ საქართველოში ვირუსის ამგვარი ფორმის გავრცელება ინფიცირებულთა რიცხვს გააორმაგებს და ლეტალობასაც გაზრდის.

ე.წ ინდური შტამი უკვე 60 ქვეყანაშია გავრცელებული. სპეციალისტების პროგნოზით, შესაძლოა, ბრიტანული შტამი მოკლე პერიოდში ე.წ ინდურმა შტამმა მთლიანად ჩაანაცვლოს. თუმცა, პოზიტიურია ბრიტანეთში ჩატარებული კვლევები - შედეგებმა აჩვენა, რომ კორონავირუსის ვაქცინები ეფექტურია ინდური შტამის წინააღმდეგ.

დღის ამბები