28 ნოემბერი 2024,   16:54
ვრცლად
11-დღიანი ომის შემდეგ ისრაელი და პალესტინა ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდებიან

ღაზა, რომელმაც 11 დღიან კონფლიქტში 230 ზე მეტი ადამიანი დაკარგა, ყოველდღიურობასთან დაბრუნებას ცდილობს. მართალია, მოსახლეობას მშვიდობა უხარია, თუმცა, უმეტესობას მიაჩნია, რომ შესაძლოა ეს ზავი, მხოლოდ შემდეგ კონფლიქტამდე ათვლის დასაწყისი იყოს.

ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება ისრაელი. ქვეყანამ, რომელმაც 12 ადამიანი დაკარგა, შეზღუდვები მოხსნა და დღეს სკოლებიც გახსნა. რაკეტების შიშის გარეშე ცხოვრებას გახარებული შეხვდნენ ისრაელელები. თუმცა, მოქალაქეების უმრავლესობას ცეცხლის შეწყვეტა ნაადრევად მიაჩნია.

ცეცხლი შეწყვეტილია, 11-დღიანი დაპირისპირება დასრულდა, ახლა მთავარი საზრუნავი მშვიდობის შენარჩუნებაა. შუამავლები ზავის გამყარებასა და გრძელვადიან პერსპექტივაში დამატებითი ძალადობის პრევენციას ცდილობენ. მედიატორების დღის წესრიგში, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვასთან ერთად, მთავარი ჰუმანიტარული დახმარებაცაა

ცეცხლის შეწყვეტის შესრულებას მონიტორინგს ადგილზე უწევს ეგვიპტე, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა მხარეებს შორის მოლაპარაკებაში. მომავალ კვირას ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჩავა. შესაძლოა, ვიზიტის ფარგლებში ენტონი ბლინკენი ეგვიპტესა და იორდანიასაც ესტუმროს. ვაშინგტონს არ ექნება პირდაპირი საუბარი ჰამასთან, რომელსაც ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

საბრძოლო შეტაკებები 10 მაისს დაიწყო - რამდენიმეკვირიანი დაძაბულობის შემდეგ, რისი კულმინაციაც ალ-აქსას მეჩეთთან განვითარებული მოვლენები გახდა. 11-დღიანმა კონფლიქტმა 250 ადამიანზე მეტი იმსხვერპლა. 

ათეული წლებია, ერებს შორის კონფლიქტი გრძელდება. ამბობენ, რომ სანამ ამ დაპირისპირების მთავარი მიზეზი - მიწის კუთვნილების საკითხი არ აღმოიფხვრება, კონფლიქტი ნებისმიერ დროს შეიძლება გაცხელდეს.

ავტორები: მიხეილ ხეცოიძე, შმაგი ლიპარტელიანი

დღის ამბები