"კოვიდ-19-ის" შემდეგ, ინდოეთი ახალი დაავადების გავრცელების რისკის ქვეშ არის. "შავი სოკო", იგივე მუკორმიკოზი კოვიდპაციენტებში ვრცელდება და უკვე 9 000-მდე შემთხვევა დადასტურდა. ექიმების ინფორმაციით, შავი სოკოს გავრცელება კოვიდ-19-ის მკურნალობის პროცესს უკავშირდება, რა დროსაც ექიმები სტეროიდებს იყენებენ.
დაავადება განსაკუთრებით რისკჯგუფებში ვრცელდება, შავი სოკოთი გარდაცვალების მაჩვენებელი კი 50 პროცენტია. მედიკოსები არ გამორიცხავენ, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი 94%-მდე გაიზარდოს, თუკი ინდოეთი ვერ შეძლებს კოვიდინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვან შემცირებას.
კოვიდ 19-ის ახალი შემთხვევების რაოდენობა ინდოეთში მცირდება, თუმცა კვლავ ვერ ხერხდება პაციენტებისთვის სრულყოფილი სამედიცინო დახმარების გაწევა. მოქალაქეები მკურნალობის პროცედურებს ქუჩებში გადიან. საავადმყოფოების მიმდებარე ტერიტორიები გამოყენებული მედიკამენტების ნარჩენებით გაივსო.
ინდური შტამის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, შესაძლოა, საფრანგეთმა შეზღუდვები ბრიტანელ ტურისტებს დაუწესოს. არ არის გამორიცხული, დიდი ბრიტანეთი იმ 15 ქვეყნის სიაში მოხვდეს, რომლის მოქალაქეებსაც საფრანგეთში ვიზიტი არ შეუძლიათ.
დღესვე, ინდური შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა დანიაში.