28 ნოემბერი 2024,   16:48
ვრცლად
ჯგუფური მკვლელობა, თუ უბედური შემთხვევა - გარდაცვლილის ოჯახი დარწმუნებულია, რომ მამაკაცი ჯერ სცემეს, შემდეგ კი სიმაღლიდან გადმოაგდეს

თბილისში, ყოფილი ლაბორატორიის მიტოვებული შენობა, 2 თვის წინ, სისხლიანი დაპირისპირების ადგილი გახდა. ყოფით ნიადაგზე დაწყებული კამათი 50 წლის მამაკაცის გარდაცვალებით დასრულდა.

გია გიორგაძე მესამე სართულიდან პირველ სართულზე ხმაურის გამო ჩავიდა. სიტყვიერი კამათი ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. სასტიკად ნაცემი მამაკაცი თვითმხილველებმა შენობის წინ მიწაზე დაგდებული ნახეს.

გადმოაგდეს, თუ სასტიკად ნაცემმა წონასწორობა დაკარგა და შემდეგ თავად გადავარდა - ეს გამოძიებისთვის ერთ-ერთი მთავარი კითხვაა. ამაზე პასუხს კი უკვე ორი თვეა გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახიც ელოდება.

გარდაცვლილის და დარწმუნებულია, რომ მის ძმას ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი პირველი სართულიდან გადააგდეს.

დიღომში მომხდარ ფაქტზე სამართალდამცველებმა ჩხუბის მხოლოდ ერთი მონაწილე დააკავეს. ოჯახისთვის კი ერთი პირის პასუხისმგებლობის საკითხი საკმარისი არ არის.

გიორგი გიორგაძის მეუღლე კონკრეტული პირებს ასახელებს და საგამოძიებო უწყებისგან მათი ბრალეულობით დაინტერესებას მოითხოვს. ქალი "კურიერთან" ჰყვება, რომ მხოლოდ დაკავებული მის მეუღლეს სასიკვდილოდ ვერ გაიმეტებდა და ეჭვი აქვს, რომ ბრალდებულმა, სხვების დანაშაული საკუთარ თავზე აიღო.

რა ვითარებაში გარდაიცვალა გია გიორგაძე და ვინ მონაწილეობდა მასზე ფიზიკურ ანგარიშსწორებაში - ეს კითხვა საქმეზე დაკავებულ ერთადერთი პირის ინტერესების დამცველსაც აქვს. ადვოკატის თქმით, ნაცემი იყო მისი დაცვის ქვეშ მყოფიც. ბესიკ ქარძივაძე სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხის განხილვასაც მოითხოვს, თუმცა მანამდე პათანატომიური ექპერტიზის პასუხებს ელოდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამ დროისთვის, ძიება 117-ე, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით აქვს დაწყებული, თუმცა, არ არის გამორიცხული საქმეში ახალი მუხლი, დანაშაულის შეუტყობინებლობაც გაჩნდეს. მანამდე კი დაკავებული მამაკაცი წინასწარ ორთვიან პატიმრობაში იმყოფება. 

დღის ამბები