28 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
მიტროპოლიტის 12 წლის დისშვილი დააბეს და ფულით სავსე ტომრების ადგილის თქმას აიძულებდნენ - გახმაურებული ყაჩაღობის დეტალები

"კურიერის" ექსკლუზივი - ჩვენთვის ცნობილი გახდა სენაკში მომხდარი გახმაურებული ყაჩაღობის დეტალები.

საქმე ეხება სამტრედიისა და ხონის მიტროპოლიტ საბა გიგიბერიას, რომლის სახლშიც ყაჩაღები ფულით სავსე ტომრებს ეძებდნენ. თავდამსხმელებს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მიტროპოლიტმა საბა გიგიბერიამ, რომელიც ამავე დროს რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარეა, სახლში დიდი ოდენობით თანხა მიიტანა.

"კურიერის" მიერ მოპოვებული საქმის მასალებით დგინდება, რომ გასული წლის აგვისტოში მიტროპოლიტ საბა გიგიბერიას ოჯახზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა წინასწარ დაგეგმილი და სავარაუდოდ, შეკვეთილი კრიმინალური ქმედება იყო.

თავდამსხმელებმა ხელ-ფეხი თოკებით შეუკრეს სასულიერო პირის დას, 90 წლის დედას, 12 წლის დისშვილს და დამხმარე ქალს. ერთ-ერთი ბრალდებული, 70 წლის რობერტ გოდერიძე იმ ეპარქიის მცხოვრებია, რომელსაც მიტროპოლიტი ხელმძღვანელობს, მისი შვილი კი წარსულში ეპარქიაში მსახურობდა.

მიტროპოლიტის 12 წლის დისშვილის ჩვენების მიხედვით, ის თავდამსხმელებმა ოჯახის სხვა წევრებთან ერთად დააბეს და სთხოვდნენ ეღიარებინა, სად ინახავდა მღვდელმთავარი ფულით სავსე ტომრებს. 

"ერთ-ერთმა მაღალმა თავდამსხმელმა საწოლიდან აიღო ზეწარი, დანით დაანაწევრა და აღნიშნული ზეწრით შეგვიკრა ხელ-ფეხი. პისტოლეტიანმა თავდამსხმელმა ჩვენს დამხმარე ქალს უბრძანა გაჰყოლოდა მეორე ოთახში. ფეხებშეკრული გაიყვანა და უთქვამს, ვნახე მეუფე საბა, 5 დღის წინ, ორი დიდი ჩანთა ფულით მოვიდა სახლში და აქ დატოვაო. სხვადასხვა ოთახებში ეძებდნენ ფულს. საბოლოოდ მათ 100 ლარი და მობილური ტელეფონი წაიღეს,"- ნათქვამია ჩვენებაში. 

მართლაც ინახებოდა, თუ არა დიდი ოდენობით ფული ხონისა და სამტრედიის ეპისკოპოსის სახლში? - ამ საკითხზე მიტროპოლიტმა და მისი ოჯახის წევრებმა კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

თუმცა, საქმეში მიტროპოლიტის განმარტება დევს, სადაც ფულით სავსე ტომრების მის სახლში არსებობას უარყოფს.

"სახლში არავითარი ორი ჩანთა, თუ პარკი არ მიმიტანია. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ შევძლებდი ორი ჩანთისა, თუ პარკის ხელში დაჭერას. თავდასხმის დღეს, როგორც ჩვეულებრივ, სახლში ჩემი ოთახის კარი გასაღებით მქონდა ჩაკეტილი, როდესაც სახლში დავბრუნდი, კარი ისევ ჩაკეტილი დამხვდა და მე გავაღე. ჩემს ოთახში არცერთი თავდამსხმელი არ შესულა,"- ნათქვამია ჩვენებაში. 

მსჯავრდებულის ადვოკატი საქმეს გაყალბებულს უწოდებს. რობერტ გოდერიძის ინტერესების დამცველი 9 წლიან განაჩენს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.

ამ ეტაპზე, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, საქმეზე 9 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი მხოლოდ ერთ პირს - რობერტ გოდერიძეს, თუმცა, სავარაუდო დამკვეთების და დანაშაულში მონაწილე სხვა პირების მიმართ გამოძიება გრძელდება.

ავტორი: ხათუნა გაგნიძე

დღის ამბები