საქართველოს თავდაცვის ძალების ავღანეთიდან გამოსვლის პროცესი დაიწყო. დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული, პირველი ქვედანაყოფია, რომელიც ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან სამშობლოში დაბრუნდა.
ქართული კონტინგენტი NATO-ს ეგიდით მიმდინარე "მტკიცე მხარდაჭერის" მისიას გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში, მაზარ-ი-შარიფში, ბაზა მარმალზე ასრულებდა.
ქართველი მშვიდობისმყოფელების დაბრუნება ვაზიანში, მეოთხე მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე საზეიმოდ აღინიშნა. ქართველ სამხედროებს მადლობა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა და გერმანიის ელჩმა საქართველოში გადაუხადეს, მისიაში დაღუპული სამხედროების ხსოვნას კი პატივი მიაგეს. საქართველოში გერმანიის ფედერაციის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა ქართველ სამხედროებს სიტყვით მიმართა და მათ პროფესიონალიზმსა და თავდადებას ხაზი გაუსვა.